კულტურა
უძველესი ქართული ხელნაწერი ინდოეთში
„ქალაქ პანჯიმის წიგნსაცავში უძველესი ქართული ხელნაწერები აღმოვაჩინე, შესაძლოა ეს ტექსტი დღემდე არსებულ ხელნაწერთა შორის ყველაზე ძველი ქართული ტექსტი აღმოჩნდეს“ – ამბობს მწერალი ლევან რამიშვილი და ამ სენსაციურ ინფორმაციას ინდოეთიდან გვაწვდის.
ლევან რამიშვილი, მთარგმნელი და რუსთველოგი: „კარგი ამბავი მაქვს, აქ ქალაქ პანჯიმის წიგნსაცავში უძველესი ქართული ხელნაწერები აღმოვაჩინე, სავარაუდოდ მე-11-ე, მე12-ე საუკუნისაა.
– ვინ განსაზღვრა რომ ხელნაწერი მე -11-ე, მე-12-ე საუკუნეს განეკუთვნება და ეს უძველესი ხელნაწერი რა პირობით გადმოგეცათ?
– თარიღი განსაზღვრეს ადგილობრივმა სპეციალისტებმა. ვინაიდან ინდოეთისთვის ტექსტი ღირებულებას არ წარმოადგენს, დროებით, ერთი წლის ვადით, ტექსტის შინაარსის დადგენის მიზნით, მფლობელობაში გადმომცეს. მთავარი როლი იმ ფაქტმა ითამაშა, რომ ნათარგმნი მაქვს ინდუიზმის წმინდა წიგნი „ბაგავად – გიტა“, რომ არა ეს გარემოება, წიგნს ალბათ არ გადმომცემდნენ. სავარაუდოდ ხელნაწერი მე-11-12-ე საუკუნისაა, მაგრამ მისი შინაარსი მოწმობს, რომ ორიგინალური ტექსტი ჩვენი წელთაღრიცხვის მე-3-ე საუკუნემდე უნდა იყოს დაწერილი და ქრისტიანობამდელ ქართულ-რელიგიურ შეხედულებებს უნდა აღწერდეს. შესაძლოა ეს ტექსტი დღემდე არსებული ყველაზე ძველი ქართული ტექსტი აღმოჩნდეს. უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორიაში პირველად გვაქვს ხელთ ტექსტი, რომელიც მეტ-ნაკლებად სრულფასოვნად გადმოგვცემს უძველეს, ქრისტიანობამდელ ქართულ ფილოსოფიურ შეხედულებებს. ლევან რამიშვილი საქართველოს ამ სენსაციური აღმოჩენით რამდენიმე დღეში უბრუნდება. უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მწერლის ჩამოსვლის შემდეგ შევიტყობთ.
წყარო: Jolo