კულტურა
სუმელას სამონასტრო კომპლექსი
სუმელას მონასტერი (ბერძნ. Μονή Παναγίας Σουμελά, Moní Panagías Soumelá; თურქ. Sümela Manastırı) - IV-V საუკუნის მართლმადიდებლური მონასტერი ტრაპიზონთან ახლოს. IV საუკუნიდან მონასტერში დაცული იყო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც გადმოცემის თანახმად, ლუკა მახარებლის მიერაა დაწერილი.
სუმელა ბერძნული სამონასტრო კომპლექსია. ხშირად ვარძიასაც ადარებენ. სახელწოდება სუმელა ერთ-ერთი ვერსიით ბერძნულია (ბერძნ. Σου Μελά) და „შავ მთას“ აღნიშნავს. მეორე ვერსიის თანახმად სიტყვა „სუმელა“ ლაზურ და მეგრულ ენებზე „სამებას“ ნიშნავს (სამეგროლოში სამების სადღეგრძელოს დღესაც „სუმელას სადღეგრძელო“ ჰქვია).
სუმელას სამონასტრო კომლექსი შავი ზღვის რეგიონში, ტრაპიზონის პროვინციის მაჩკას ოლქში მდებარეობს. მაჩკა მონასტერთან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტია. სუმელას მონასტერი მთიან რეგიონშია აღმართული, ზიგანას ქედის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში. ის კლდის თითქმის ზედა ნაწილზეა გამოკვეთილი. მდინარის ხეობის დონიდან კლდეზე მდებარე მონასტრის შეფარდებითი სიმაღლე 270 მ-ია. სამონასტრო კომპლექსი ალტინდერეს ეროვნულ პარკშია მოქცეული და შესაბამისად, დაცული ტერიტორიაა.
ვიზიტორი სანამ უშუალოდ მონასტრამდე მივა, ის ამ მხარისთვის დამახასიათებელ გამორჩეულ ხეობაში ხვდება. მაჩკას რომ გავცდებით, ბაზილიკა სუმელასთან ბაზილიკური ტაძრის ნანგრევები გვხვდება, თუმცა მისი ისტორია ნაკლებადაა ცნობილი. ალტინდერეს ხეობაში ბევრი კემპინგია, არის ისტორიული თაღოვანი ხიდი, დასასვენებელი ადგილი… ზაფხულის პერიოდში ხეობაში მისვლა ბოლომდე შესაძლებელია, ზამთრის პირობებში კი გარკვეული შეზღუდვებია. გამომდინარე იქიდან, რომ აქ ვიწრო გზებია, დიდი გამავლობის ტრანსპორტით ბოლომდე გადაადგილება ნებადართული არაა.
პირველი ემოცია, რაც ვიზიტორს ამ სამონასტრო კომპლექსის ხილვისას აქვს, ეს ბერების საცხოვრებლებია, რომლებიც მე-19 საუკუნეში აიგო. უშუალოდ მონასტერი კი, რომელიც კლდეშია ნაკვეთი, წყაროებზე დაყრდნობით, მე-4 საუკუნიდან ფუნქციონირებს. კლდეში არსებული ბუნებრივი სიცარიელეების სამონასტრო ტერიტორიებად გადაკეთებაც ბუნებრივ პირობებში მოხდა.
ლეგენდის მიხედვით, აქ მოღვაწე სასულიერო პირებმა ამ ტერიტორიაზე ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი აღმოაჩინეს. მონასტერი განთქმულია უდიდესი ფრესკებით, მდიდარი ისტორიული წარსულით… ამბობენ, რომ ერთ-ერთ პატარა სამლოცველოში მხატვრობა ხელოვნურადაა დაზიანებული. თუმცა, ალბათ რესტავრაციისას უფრო მოხდა მისი დაზიანება, ვიდრე დამპყრობლების მიერ. მხატვრობა უმთავრესად მე-13-ით თარიღდება. ამავე პერიოდში, როდესაც ყველაზე აქტიურად მიმდინარეობდა აქ სამონასტრო ცხოვრება, შესაძლებელია ქართველი სასულიერო პირებიც მოღვაწეობდნენ, სუმელას მხატვრობარადგან სუმელას მონასტერი შედარებით ახლოსაა ტაო-კლარჯეთის ზონასთან და იმ დროს პონტოელ ბერძნებს და საერთოდ, ამ იმპერიას საქართველოსთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. როდესაც ტრაპიზონის იმპერიაშიც და თურქეთის სხვა ნაწილებშიც მართლმადიდებლური სარწმუნეობა შეიზღუდა, ამან საეკლესიო მსახურების შემცირებაზეც გავლენა იქონია. თუმცა მე-19 საუკუნეში სუმელას მონასტერი ძალიან პოპულარული იყო და სწორედ ამ პერიოდში აიგო კლდეზე აშენებული ბერების საცხოვრებელი სენაკები. მე-20 საუკუნეში აქ სამონასტრო ცხოვრება ჩაკვდა.
ბოლო 2 წელია, 15 აგვისტოს, ბერძნული კალენდრით მარიამობის დღესასწაულზე სუმელას მონასტერში ქრისტიანული ღვთისმსახურება აღევლინა. შესაბამისად, მონასტერში ამ დღეს უამრავი მომლოცველი მიდის. სხვა დროს, როგორც ყველა ტურისტულ ობიექტში, წირვა-ლოცვის ჩატარება, პარაკლისი აღსრულება, სანთლის დანთება, შეუძლებელია. ვიზიტორმა წესის დარღვევისას მცველებისგან გარკვეული შენიშვნებიც შეიძლება მიიღოს, თუ არ დაემორჩილება, შეიძლება დაჯარიმდეს კიდეც.
როგორც ვთქვით, სუმელას მონასტერთან შემორჩენილია ბაზილიკა და მომლოცველებს აქაც შეუძლიათ სანთლის დანთება.
თბილისიდან სამონასტრო კომპლექსამდე მანძილი 600კმ., ხოლო საზღვრიდან – 220კმ-ია.