.

კულტურა

მიქელანჯელოს გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა
იან 31, 2018

მიქელანჯელოს გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა

„მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ მიქელანჯელო ბუონაროტის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენას.  

2 თებერვლიდან 3 აპრილის ჩათვლით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს რენესანსის ეპოქის იტალიელი მოქანდაკის, მხატვრის, არქიტექტორისა და პოეტის მიქელანჯელო ბუონაროტის (1475-1564) 6 გრაფიკულ ნამუშევარს ფლორენციის „კაზა ბუონაროტის“ მუზეუმიდან რომლის კოლექცია, მიქელანჯელოს სხვა შედევრებთან ერთად, ინახავს 200-ზე მეტ ჩანახატსა და ხელნაწერს, ბუონაროტის საგვარეულოს სხვადასხვა თაობის მიერ შეგროვებული სურათების, ქანდაკებებისა და არქეოლოგიური ნიმუშების მდიდარ კოლექციას.  

სიცოცხლეშივე ყველა დროის უდიდეს ხელოვანად აღიარებულმა მიქელანჯელომ, გამორჩეული ხელწერისა და ვირტუოზული ტექნიკის წყალობით, სრულიად ახალი სიტყვა თქვა ქანდაკებასა და მხატვრობაში და საკუთარი შემოქმედებით სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი გენიოსთა შორის.  

ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი იქნება მიქელანჯელოს მიერ 1508-1510 წლებში სიქსტეს კაპელის მოხატულობაზე მუშაობის პერიოდში (1508-1512) შესრულებული გრაფიკული ნამუშევრები.

დამთვალიერებელი იხილავს ადამიანის სახისა და სხეულის გრაფიკულ დეტალებს, მათ შორის ხელის გამოსახულებას ფრესკისთვის „ადამის შექმნა" და ფიგურებს ფრესკისთვის ,,სამოთხიდან განდევნა." ექსპოზიციაში ჩართული იქნება მულტიმედია. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ ფილმი „მოგზაურობა მიქელანჯელოს აღმოსაჩენად."

გამოფენა, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და  იტალიის საელჩო  საქართველოში, სხვადასხვა ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. საქართველოს მხრიდან: კულტურისა და სპორტის სამინისტროეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის პროექტი „Check in Georgia“ და სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“; იტალიის მხრიდან კი: იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, იტალიის კულტურის სამინისტრო, პროგრამა „VivereALL'italiana“. გამოფენა ხორციელდება მუზეუმთან „კაზა ბუონაროტი“ და კულტურულ ასოციაცია „მეტამორფოზისთან“ თანამშრომლობით.

მისამართიდიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაშოთა რუსთაველის გამზირი №11.

გალერეა მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე

შესასვლელი ბილეთის საფასურია:

  • მოზრდილი 7 ლარი;
  • სტუდენტი 1 ლარი;
  • სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
  • პენსიონერი 50 თეთრი;
  • ბავშვი 6 წლამდე უფასო;

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:

  • ICOM-ის წევრებისთვის;
  • საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.