კულტურა
რუსეთის ფილმსაცავში დაცული 11 ქართული ფილმი საქართველოს დაუბრუნდა
რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, თიბისი ბანკის, ჯი-ემ-თი ჯგუფისა და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მხარდაჭერით, საქართველოში, გოსფილმოფონდში დაცული, კიდევ, თერთმეტი ქართული ფილმი ბრუნდება.ქართულ მხარეს 1925-დან 1975 წლამდე პერიოდში გადაღებული თერთმეტი ქართული ფილმის ასლი გადმოეცა.
- „ქორწილი“ - რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
- „ქოლგა“ - რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
- „მუსიკოსები“ - რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
- „ფეოლა“- რეჟისორი ბაადურ წულაძე;
- „შერეკილები“- რეჟისორი ელდარ შენგელაია;
- „ფრთოსანი მღებავი“- რეჟისორი ლეო ესაკია;
- „ქაჯეთი“- რეჟისორი კოტე მიქაბერიძე;
- „ვინ არის დამნაშავე?“ - რეჟისორი ალ. წუწუნავა;
- „ამოკი“ - რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
- „სამანიშვილის დედინაცვალი“ - რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
- „ელისო“ - რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია.
ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდიდან - „გოსფილმოფონდი“,1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებული და ფონდის არქივში დაცული ქართული ფილმების სამშობლოში დაბრუნების პროცესი დაიწყო, ხელი, 2014 წლის 30 სექტემბერს მოეწერა.
პირველ ეტაპზე, 2016 წლის 17 ნოემბერს, საქართველოში 4 ქართული ფილმი - „ჰოლტზე“ (რეჟისორი ლეო ესაკია), „ამერიკანკა“ (რეჟისორი ლეო ესაკია), „ბუბა“ (რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე) და ფილმი - „უკანასნელ საათს“ (რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი) დაბრუნდა.
„გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნებას, 7 წელი დასჭირდება. დაბრუნებული ფილმების საწყისი მასალები, ფილმის ნებისმიერ ფორმატში გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, საქართველოში საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტის კინოარქივის შექმნა იგეგმება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფომ კინომემკვიდრეობის დაცვაზე და შენარჩუნებაზე იზრუნოს.