.

კულტურა

რუსეთის ფილმსაცავში დაცული 11 ქართული ფილმი საქართველოს დაუბრუნდა
დეკ 18, 2017

რუსეთის ფილმსაცავში დაცული 11 ქართული ფილმი საქართველოს დაუბრუნდა

რუსეთის ფილმსაცავ „გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის, თიბისი ბანკის, ჯი-ემ-თი ჯგუფისა და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მხარდაჭერით, საქართველოში, გოსფილმოფონდში დაცული, კიდევ, თერთმეტი ქართული ფილმი ბრუნდება.ქართულ მხარეს 1925-დან 1975 წლამდე პერიოდში გადაღებული თერთმეტი ქართული ფილმის ასლი გადმოეცა.

  • „ქორწილი“ - რეჟისორი მიხეილ კობახიძე; 
  • „ქოლგა“ - რეჟისორი მიხეილ კობახიძე; 
  • „მუსიკოსები“ - რეჟისორი მიხეილ კობახიძე;
  • „ფეოლა“- რეჟისორი ბაადურ წულაძე; 
  • „შერეკილები“- რეჟისორი ელდარ შენგელაია;
  • „ფრთოსანი მღებავი“- რეჟისორი ლეო ესაკია; 
  • „ქაჯეთი“- რეჟისორი კოტე მიქაბერიძე;
  • „ვინ არის დამნაშავე?“ - რეჟისორი ალ. წუწუნავა; 
  • „ამოკი“ - რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი;
  • „სამანიშვილის დედინაცვალი“ - რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი; 
  • „ელისო“ - რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია.

ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდიდან - „გოსფილმოფონდი“,1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებული და ფონდის არქივში დაცული ქართული ფილმების სამშობლოში დაბრუნების პროცესი დაიწყო, ხელი, 2014 წლის 30 სექტემბერს მოეწერა.

პირველ ეტაპზე, 2016 წლის 17 ნოემბერს, საქართველოში 4 ქართული ფილმი - „ჰოლტზე“ (რეჟისორი ლეო ესაკია), „ამერიკანკა“ (რეჟისორი ლეო ესაკია), „ბუბა“ (რეჟისორი ნუცა ღოღობერიძე) და ფილმი - „უკანასნელ საათს“ (რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი) დაბრუნდა.

„გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული კინოარქივის სრულად საქართველოში დაბრუნებას, 7 წელი დასჭირდება. დაბრუნებული ფილმების საწყისი მასალები, ფილმის ნებისმიერ ფორმატში გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, საქართველოში საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტის კინოარქივის შექმნა იგეგმება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფომ კინომემკვიდრეობის დაცვაზე და შენარჩუნებაზე იზრუნოს.