.

კულტურა

აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის უახლესი ფოტოების ალბომი გამოიცა
თებ 6, 2016

აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის უახლესი ფოტოების ალბომი გამოიცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ალბომი კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში” გამოიცა.

     საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული ალბომის „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“ პრეზენტაცია გაიმართა. ალბომი მოამზადა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა  დაცვის სამსახურმა.  მასში თავმოყრილია  აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ცხრამეტი  უძრავი  ძეგლი (ბედიის, ბიჭვინთის, სვიმონ კანანელის, კამანის, ილორის, მოქვის და სხვა ეკლესია-მონასტრები) და მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის რვა ძეგლი (მოქვის ოთხთავი, ბიჭვინთის ოთხთავი, ბიჭვინთის მოზაიკა, ბედიის ბარძიმი  და სხვ.). ალბომში წარმოდგენილია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი თუ მოძრავი ძეგლების უახლესი ფოტომასალა და ამ ძეგლების ისტორიული, არქიტექტურული და  ამჟამინდელი მდგომარეობის აღწერა. ალბომს ასევე ერთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ერთიანი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სია, მათ შორის  ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსის  მითითებით. ალბომის „კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში“  გამოცემა ემსახურება აფხაზეთის ქართულ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის კიდევ უფრო გააქტიურებას, საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას  აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობისა და ამჟამინდელი მდგომარეობის  თაობაზე, იმის გახმაურებასაც, რომ ამ ძეგლებიდან თანდათან და მიზანმიმართულად შლიან ქართულ ნაკვალევს.   პრეზენტაციაზე ალბომის მნიშვნელობასა და ზოგადად აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე ისაუბრეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა,  აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ,  აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გია გვაზავამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსმა ირაკლი გელენავამ, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ და სხვ.


წყარო: MECA.GOV.GE