.

განცხადებები

2015 წლის 21 სექტემბერი, ახალი სასწავლო წლის დასაწყისი
სექ 22, 2015

2015 წლის 21 სექტემბერი, ახალი სასწავლო წლის დასაწყისი

კვლავ დადგა ახალი სასწავლო წელი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალმა თაობამ შემოაბიჯა. გაბრწყინებული სახეებით მოდიოდნენ პირველკურსელები, მათ ხომ უკვე ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ცხოვრებაში და დიადი მიზნებისკენ მიემართებიან.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი პირველკურსელებს ტრადიციული, საზეიმო შეხვედრა მოუწყო აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა.

ამ საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - ქალბატონი თამარ სანიკიძე; განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის, მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსი - ბატონი ნუგზარ ჩიტაია; აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი - ბატონი დიმიტრი ჯაიანი და მისი მოადგილე - ბატონი როლანდ ნიჟარაძე; აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ბატონი ჯემალ გამახარია და სხვა საპატიო სტუმრები.

საზეიმო შეხვედრის გახსნის შემდეგ პირველკურსელებს უნივერსიტეტში ჩარიცხვა მიულოცა და სიტყვით მიმართა რექტორმა, პროფესორმა ჯონი აფაქიძემ: - დღევანდელი დღე თქვენთვის მთელი სიცოცხლის მანძილზე დასამახსოვრებელი დღეა. გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ, რომ სწავლების მაღალ საფეხურს მიაღწიოთ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი კვალიფიციური კადრების აღსაზრდელად და ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ სტუდენტებისთვის უფრო მეტი კომფორტის შექმნისა და განვითარების საკითხებზე. ჩართულები ვართ ბოლონიის პროცესში და გვაქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტები, რომლებიც სწორედ თქვენს სწავლასა და წინსვლას უწყობს ხელს.

სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ეს უნივერსიტეტი ცნობილია თავისი ტრადიციებით, სწავლების მაღალი ხარისხით და ორიენტირებულია სტუდენტთა განვითარებაზე. სამინისტრო გთავაზობთ სხვადასხვა პროექტებს, წელს კი უფრო მეტი პროექტის შემოთავაზებას შევძლებთ. ვისურვებდი, რომ თითოეულ თქვენგანს დიდი წარმატებისთვის მიეღწია-ბრძანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ქალბატონმა თამარ სანიკიძემ.

პირველკურსელებს ეს ლამაზი დღე მიულოცეს სხვა საპატიო სტუმრებმა და უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარემ - ლაშა გაზდელიანმა.

დასასრულ უნივერსიტეტის რექტორმა პირველკურსელებს ფაკულტეტების დეკანები წარუდგინა და ახალ თაობასთან ერთად ყველა სტუდენტს კიდევ ერთხელ უსურვა წარმატებები.

საზეიმო შეხვედრა დაასრულა და ხალხური სიმღერებით გაალამაზა აფხაზეთის ა/რ ფოლკლორულმა ანსამბლმა „დიოსკურია" (სამხატვრო ხელმძღვანელი - დავით ოკუჯავა).