დაწვრილებით
 
ჟურნალის გამოცემის იდეის შესახებ პირველი ნომერში თავად რედაქტორი ამობობს: „ფიქრსა და განსჯაში გადის დღეების რბოლა. რა ვაკეთო ხვალ?! რა შემიძლია შევმატო ჩემს ქალაქს, რეგიონს... ამ ფიქრში დაიბადა საზოგადოებრივ-სამეცნიერო ჟურნალი „დისკუსია“. რატომ „დისკუსია“? - ცოდნის, შეხედულებებისა და იდეების ურთიერთგაზიარებაში, აზრთა ჭიდილსა და ძიებაში – დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება. ჩვენ ძალიან ნიჭიერი და შემოქმედებითი თაობა გვყავს. რეგიონის მეცნიერ-თანამშრომლები, ასპირანტები... თავიანთი ნაშრომების გამოსაქვეყნებლად თბილისის გამოცემებს მიმართავენ. ჩვენი სურვილია, ამ ჟურნალით გავაერთიანოთ რეგიონის მეცნიერ-თანამშრომლები, ასპირანტები, სტუდენტები, ინტელიგენცია და თითოეულმა მათგანმა ამ ჟურნალის მეშვეობით თავისი სიტყვა თქვას საქართველოს ისტორიაში. ჟურნალის ყოველი გამოცემა თემატურად იქნება მრავალფეროვანი და წელიწადში სამჯერ გამოვა. ჟურნალს აქვს განყოფილებები: ისტორია; პოლიტოლოგია; ეკონომიკა; სოციოლოგია; მედიცინა; ფარმაკოლოგია; ბიოლოგია; ფსიქოლოგია; ფილოსოფია; სამეგრელო-ზემო სვანეთის მედიაისტორია; სამართალმცოდნეობა; კრიმინალისტიკა; არქეოლოგია; არქიტექტურა; ეთნოგრაფია; ფოლკლორი; ლიტერატურა... „დისკუსიის“ რედაქცია მზადაა დაეხმაროს ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს საგამომცემლო (ჟურნალ-გაზეთების, წიგნების და სხვ. აწყობა-დაკაბადონება) საქმიანობაში. მჯერა, რეგიონის საზოგადოება ამ ფაქტს დადებითად შეხვდება და ჩვენი ჩანაფიქრი წარმატებულად განხორციელდება.“ - #1, მაისი, 2019