ჯემალ გამახარია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. დაიბადა 1949 წლის 10 იანვარს გალის რაიონის სოფ. ოტობაიაში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო). დაამთავრა ოტობაიის პირველი საშუალო სკოლა (1966 წ.); შრომითი საქმიანობა დაიწყო მშობლიურ სოფელში (1966 – 1968 წწ.). მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში (1968-1970 წწ.). უმაღლესი განათლება 1971 – 1976 წლებში მოსკოვის სახელმწიფო საისტორიო-საარქივო ინსტიტუტში მიიღო (ამჟამად რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტი). დაუსწრებლად სწავლობდა კუიბიშევის (სამარის) სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში სსრკ ისტორიის კათედრაზე (1978 - 1982 წწ.). ასპირანტურის დასრულების შემდეგ სამარაში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. სხვადასხვა პერიოდში ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას კუიბიშევის (სამარის) საოლქო სახელმწიფო საისტორიო არქივში (1976-1980 წწ.), კუიბიშევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1980-1982 წწ.). სოხუმში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლად (1982-1984 წწ.), საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტში (1984-2006 წწ.) ჯერ დოცენტად, შემდეგ კი პროფესორად და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგედ. 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან მონაწილეობდა ეროვნულ - გამანთავისუფლებელ მოძრაობაში, ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1991 წელს ჯემალ გამახარია არჩეულია აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრად. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ (1993 წ.) უმაღლესი საბჭო ფუნქციონირებას ქალაქ თბილისში აგრძელებს. სხვადასხვა დროს ეკავა უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები. 2019 წლის აპრილიდან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. 1999-2004 წლებში არჩეული იყო მეხუთე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრად. ჯემალ გამახარია ეწევა სამეცნიერო და პუბლიცისტურ საქმიანობას, რომელიც მის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული. სტუდენტობისა და ასპირანტურაში სწავლის პერიოდში იკვლევდა ქალაქ მოსკოვის, მოსკოვისა და კუიბიშევის (სამარის) ოლქების ისტორიასთან დაკავშირებულ ცალკეულ თემებს, რომლებსაც რამდენიმე ნაშრომიც მიუძღვნა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1982 წ.) მისი კვლევის ძირითადი საგანი გახდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში და მის ირგვლივ შექმნილი ვითარება, რეგიონის დეოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები და ა. შ. ამ და სხვა თემებზე გამოაქვეყნა სამ ათეულზე მეტი მონოგრაფია, კრებული და ბროშურა სხვადასხვა ენებზე. ჯემალ გამახარიას კალამს ეკუთვნის აგრეთვე ჟურნალ-გაზეთებში, სამეცნიერო კრებულებში გამოქვეყნებული ასობით სამეცნიერო და პუბლიცისტური წერილი, პოლიტიკური მოხსენებები, განცხადებები თუ ინტერვიუები. ისინი ეხება მიმდინარე პოლიტიკის, აფხაზეთის დეოკუპაციის, ისტორიისა და კულტურის საკითხებს, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან თემებს. ჰყავს მეღლე - რუსუდან ხარებავა, ქალიშვილები - სალომე და სოფია; შვილიშვილი სოფია ცელერი.