საქართველოს ეროვნული გმირი ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია (English: Zviad Gamsakhurdia) დაიბადა ქალაქ თბილისში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957 წ.) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით (1962 წ.). ჰყავდა ორი მეუღლე და სამი შვილი:
პირველი მეუღლე დალი ლოლუა, შვილი კონსტანტინე გამსახურდია;
მეორე მეუღლე მანანა არჩვაძე-გამსახურდია, შვილები ცოტნე და გიორგი გამსახურდიები.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით 1962 წელს.
წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს – მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972–1977 და 1983–1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ). დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა 1956 და 1977–1979 წლებში. გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987–1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილის სისხლიანი დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი. საქართველოს პირველი პრეზიდენტი 1991–1992 წლებში. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი:
საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1970–1977 წწ.)
საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტია" , წევრი (1975–1993 წწ.)
საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, თავმჯდომარე (1976–1993 წწ.)
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, თავმჯდომარე (1990–1991 წწ.)
მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო, დამფუძნებელი (1990–1993 წწ.)
ბიბლიოგრაფია:
მთვარის ნიშნობა: ლექსები (1989 წ.)
საქართველოს სულიერი მისსია (1990 წ.)
წერილები, ესეები (1991 წ.)
ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება (1991 წ.)