ტიტე მამიას ძე მოსია დაიბადა სოფ. კახათში (ზუგდიდის რაიონი). სწავლობდა ქვემო კახათის 7-წლიან სკოლაში, შემდეგ კი ხეთის (ხობის რაიონი) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში. 1970 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი და იქვე დატოვებულ იქნა სამუშაოდ. ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე 9 წელი მუშაობდა ლაბორანტად. 1979 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელია, ხოლო 1984 წლიდან - დოცენტი.
1982-1989 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. 1991 წლიდან თსუ სოხუმის ფილიალის პროფესორია, შემდეგ კი - ძველი ქართული ლიტერატურის და ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე. 1990 წელს მონოგრაფიისათვის - „დავით გურამიშვილი და ქართული სიტყვიერი კულტურა“ - მიენიჭა საქართველოს სახალხო განათლების სამინისტროს რესპუბლიკური პრემია.
მისდა საუბედუროდ, 1993 წლის 27 სექტემბერს მერხეულიდან უყურებდა ცრემლიანი თვალებით სოხუმის დაცემას. „გოლგოთის გზით“ ძლივს ჩამოაღწია ზუგდიდში. დევნილობის პერიოდში წლების მანძილზე ლექც იებს კითხულობდა სახელმწიფო და საერო უმაღლეს სასწავლებლებში: თსუ სოხუმის ფილიალი, ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი (განაგებდა ქართული და საზღვარგარეთული ლიტერატურის კათედრას), სოხუმის ილია ვეკუას სახელობის უნივერსიტეტი (იყო ფილოლოგია-იურიდიული ფაკულტეტის დეკანი). ფოთის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, სოხუმის ცოტნე დადიანის სახელობის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. 1996 წლიდან თსუ ზუგდიდის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანია, შეთავსებით - ქართული ენისა და ლიტე-რატურის კათედრის გამგე. 2002 წლის აპრილიდან დაინიშნა თსუ ზუგდიდის ფილიალის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში, 2006 წლიდან ამავე სასწავლებლის სამეცნიერო სამსახურის უფროსია და სრული პროფესორი. 2009 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ამასთანავე, ამავე უმაღლეს სასწავლებელთან არსებული ქართული ლიტერატუ-რის სამეცნიერო-კ ვლევითი ინსტიტუტის დირექტორია.