შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (SRNSFG) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-ია, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებას. ფონდის ხედვა და სტრატეგია შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას „საქართველო 2020“, საქართველოს მთავრობის განვითარების ოთხპუნქტიან გეგმასა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარების მიმართულებით.
ფონდი ახორციელებს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს, მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს, ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებსა და ერთობლივ ინიციატივებში. SRNSFG ადმინისტრირებას უწევს 20-ზე მეტ საკონკურსო პროგრამას, მათ შორის, 15 ეროვნულ, 10-მდე საერთაშორისო ბილატერალურ კონკურსს და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დაფინანსებულ 2 მულტილატერალურ პროექტს (Black See Horizon, EaP PLUS).
ფონდს ჰყავს საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომლის წევრები არიან წამყვანი ქართველი და უცხოელი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. საბჭო განსაზღვრავს ფონდის ხედვას, პოლიტიკას და უზრუნველყოფს მისი საქმიანობის ხარისხის ზედამხედველობას. ამასთანავე, საბჭო ადგენს ფონდის სტრატეგიულ პრიორიტეტებს და ახორციელებს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს.
ფონდი აფინანსებს ყველა სამეცნიერო მიმართულებას EUROSTAT-ისა და OECD-ის კლასიფიკატორის შესაბამისად:
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ინჟინერია და ტექნოლოგიები;
- სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
- აგრარული მეცნიერებები;
- სოციალური მეცნიერებები;
- ჰუმანიტარული მეცნიერებები.
დამატებით, მთლიანი წლიური პროგრამული ბიუჯეტის 10%-ის ფარგლებში, ეროვნული სამეცნიერო ფონდი აფინანსებს სამეცნიერო პროექტებს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებაში.