.

ავტორი (ები): მიხეილ პომაზანსკი

ავტორის შესახებ

პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი დაიბადა 1888 წლის 7 ნოემბერს ვოლინის გუბერნიის როვნოს მაზრაში, მიქაელ მთავარანგელოზის ხსენების წინადღეს. მისი მშობლები შთამომავლობით მღვდელთა ოჯახებს ეკუთვნოდნენ. ათი წლის მიხეილი კლევანის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. მისი დამთავრებისთანავე იგი შევიდა ვოლინის სასულიერო სემინარიაში (ქ. ჟიტომირი), სადაც მას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მეუფე ანტონმა (ხრაპოვიცკი).

1908-1912 წლებში სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში.

1913 წელს დაქორწინდა მღვდლის ქალიშვილზე – ვერა თეოდორეს ასულ შუმსკაიაზე, რომელიც მისი ცხოვრების განუყრელი და ერთგული თანამგზავრი გახდა.

1914-1917 წლებში მიხეილ პომაზანსკი ასწავლიდა საეკლესიო სლავურს კალუგის სასულიერო სემინარიაში. რევოლუციამ, რასაც სასულიერო სკოლების დახურვა მოჰყვა, იგი აიძულა, დაბრუნებულიყო მშობლიურ ვოლინში, რომელიც იმ დროს პოლონეთის შემადგენლობაში შედიოდა.

1920-1934 წლებში ასწავლიდა როვნოს რუსულ გიმნაზიაში, თანამშრომლობდა საეკლესიო გამომცემლობებთან.

1936 წელს ეკურთხა მღვდლად და მიეკუთვნა ვარშავის ეკლესიის სასულიერო დასს, როგორც პროტოპრესვიტერის პირველი თანაშემწე. ეს თანამდებობა მას ეკავა 1944 წლამდე. ომის დასრულების შემდეგ მამა მიხეილმა ოთხი წელი დაჰყო გერმანიაში, 1949 წელს კი გადასახლდა ამერიკაში და დაინიშნა წმიდა სამების სახელობის სასულერო სემინარიის მასწავლებლად ჯორდანვილში, სადაც ასწავლიდა ბერძნულ და საეკლესიო სლავურ ენებსა და დოგმატურ ღვთისმეტყველებას.

მამა მიხეილის კალამს ეკუთვნის მრავალი ბროშურა და სტატია. მათი დიდი ნაწილი შესულია კრებულში „ცხოვრების, რწმენისა და ეკლესიის შესახებ“ (ორ ტომად, 1976) და „ღმერთო ჩვენო ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, რაოდენცა გნებავს, ჰქმენ“ (1985 წ.). მაგრამ ყველაზე მეტად ცნობილია მისი „მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება“ (გამოიცა 1963 წელს, მეორედ – 1992 წელს, ინგლისურ ენაზე ითარგმნა 1984 წელს), რომელიც იქცა ძირითად სახელმძღვანელოდ ამერიკის ყველა მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში. მამა მიხეილი აღესრულა 1988 წლის 22 ოქტომბერს (4 ნოემბერს).