გაიუს იულიუს კეისარი (ლათ. Dictator Gaius Iulius Caesar ) (დ. 12/13 ივლისი, ძვ. წ. 100 - გ. 15 მარტი, ძვ. წ. 44) - ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი, რეფორმატორი, მწერალი და ორატორი. წარმოშობით პატრიცი. 68 წელს გახდა კვესტორი, 65-ში - ედილი, 62-ში პრეტორი, 60 წელს შეკრა კავშირი პომპეუსთან და კრასუსთან სენატის წინააღმდეგ (პირველი ტრიუმვირატი). 59 წელს გახდა კონსული, 46-ში აირჩიეს დიქტატორად. 44 წელს მოკლეს შეთქმულებმა. მისი სახელი კეისარი (ცეზარი) იქცა ზოგადად მონარქის აღმნიშვნელ სიტყვად.
გაიუს იულიუს კეისარი დაიბადა ძვ. წ. 100, 12 ივლისს, წარჩინებული პატრიციანული გვარის, გაიუს იულიუს კეისრის ოჯახში. კეისრის ახალგაზრდობა სულას დიქტატურას დაემთხვა. ეს იყო უაღრესად სისხლიანი დრო რომის ისტორიაში. გაიუს მარიუსი, იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილი მხედართმთავარი, სულას დაუძინებელი მტერი კეისარს ბიძად ეკუთვნოდა (მამიდის - იულიას მეუღლე). ეს, კი სასიკვდილო განაჩენი იყო იმ დროს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კეისარი ძალიან ახალგაზრდა იყო, სულა მასში უკვე ხედავდა ძლიერ პიროვნებას და მისი რეჟიმის მტერს. კეისარი იხსნა ვესტას ქურუმ ქალთა თხოვნამ. კეისარს რომში აღარ დაედგომებოდა. იგი წავიდა საბერძნეთში, სამოგზაუროდ და სასწავლებლად. სულას გარდაცვალების შემდგომ კეისარი ისევ დაბრუნდა რომში, სადაც დაიწყო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. კეისარს სამომავლოდ დიდი პროექტები ჰქონდა დაგეგმილი, მათ განსახორციელებლად კი საჭირო იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდება.