პავლე იესეს ძე ინგოროყვა (დ. 1 იანვარი, 1893, ფოთი — გ. 20 ნოემბერი, 1983, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ქალაქ ფოთში. აქვე დაამთავრა ოთხკლასიანი სასწავლებელი. 1912 წელს, გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 19 წლის ასაკში, საქართველოდან გაემგზავრა და გეზი პეტერბურგისკენ აიღო. ამავე წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. სტუდენტობის პერიოდშივე, 1913 წელს, გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი "ძველ-ქართული სასულიერო პოეზია". 1914 წელს ქართული გაზეთების ფურცლებზე პირველად გამოჩნდა მისი სტატია "თარგმანება ფსალმუნთა წიგნისა". უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ (თუმცა დიპლომი არ აუღია), 1916 წელს, საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნებულმა მეცნიერმა მუშაობა ჩვეული რიტმით განაგრძო. 1916 წელსვე გამოსცა თამარ მეფის "გალობანი ვარძიისანი". 1917 წლიდან აქტიურად ჩაება საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და 1919 წლის დამდეგამდე იყო "საქართველოს ეროვნული საბჭოს" (პარლამენტის) წევრი სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტს. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ, 1921-1923 წლებში, პროტესტის ნიშნად, ინგოროყვა იყო "შავჩოხიანთა ჯგუფის" წევრი. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება შავჩოხიანთა ოთხეულის (კონსტანტინე გამსახურდია, ვახტანგ კოტეტიშვილი, ალეხსანდრე აბაშელი და პავლე ინგოროყვა) ცნობილი ფოტოსურათი. 1925 წლამდე ინგოროყვას ეროვნული ხასიათის სტატიები აქტიურად იბეჭდებოდა ქართულ პერიოდულ პრესაში. 1917 წლიდან, დღიდან დაარსებისა, იყო "საქართველოს მწერალთა კავშირის" (თავმჯდომარე კონსტანტინე (კოტე) მაყაშვილი) წევრი. 1924 წელს დააფუძნა ჟურნალი "კავკასიონი". 1925 წელს ეს ჟურნალი აკრძალა ბოლშევიკურმა რეჟიმმა.