სარედაქციო კოლეგიის წევრი, ავტორთა სამეცნიერო სათათბიროს წევრი, რედაქტორი
ლია ახალაძე დაიბადა 1966 წელს. ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა წყაროთმცოდნეობა, ისტორიოგრაფიის განხრით. 1999 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები აფხაზეთში IX-XVII სს“. 1995 წლიდან მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, ჯერ ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2001-2005 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2006-2008 წლებში თსუ სოხუმის ფილიალისა და სოხუმის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 2008-2011 წლებში იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი. 2011 წლიდან განათლების ფაკულტეტის დეკანი. მისი რედაქტორობით გამოდის საერთაშორისო პერიოდული გამოცემა „განათლება“.
იკვლევს საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურის, პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის საკითხებს, ისტორიის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის 3 მონოგრაფია, 1 სასკოლო და 2 მეთოდური სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის თანაავტორობით (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე). მონაწილეობს საერთაშორისო და რესპუბლიკური მასშტაბის სამეცნიერო კონგრესებსა და ფორუმებში.
დაჯილდოებულია აფხაზეთის ა/რ. უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით, იაკობ გოგებაშვილის სახლობის მედლით და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მადლობის სიგელით.
2008 წლიდან პროექტის „აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო“ ავტორთა სამეცნიერო სათათბიროსა და სარედაქციო კოლექგიის წევრი, რედაქტორი.