ბოლო წლების მანძილზე მიმდინარე განათლების რეფორმის საფუძველზე მნიშვნელოვნად შეიცვალა წარმოდგენა სასკოლო განათლების შესახებ, აქტუალური გახდა ბავშვზე ორიენტირებული სწავლება, რაც გულისხმობს სასწავლო მიზნების, მეთოდების, სტრატეგიების და რესურსების მაქსიმალურ მორგებას ბავშვის შესაძლებლობებსა და ინტერესებზე.
დღეისათვის ინკლუზიური განათლების განვითარების კვალდაკვალ ბევრი ბავშვი იღებს განათლებას საჯარო სკოლებში, თუმცა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების განათლების სისტემაში სრულფასოვანი ინტეგრაცია დღემდე გამოწვევად რჩება მასწავლებლებისთვის, რადგან ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მიღწევა საჭიროებს მრავალფეროვან აქტივობებს, ხოლო სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის მასწავლებლების მხრიდან მნიშვნელოვანია სპეციფიური სასწავლო სტრატეგიების და მეთოდების გამოყენება.