.

ავტორი (ები): ჰერმან ჰესე

ვებგვერდი: https://en.wikipedia.org/wiki/Hermann_Hesse
ავტორის შესახებ

ჰერმან ჰესე (გერმ. Hermann Hesse დ. 2 ივლისი. 1877, კალვი, ვიურტემბერგი ― გ. 9 აგვისტო. 1962, მონტანიოლა, შვეიცარია) — გერმანელი მწერალი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1946). 1912 წლიდან ცხოვრობდა შვეიცარიაში.

ჰესე ინტელექტუალურ მწერალთა რიგს განეკუთვნება; მის თხზულებებში ვხვდებით სრულიად განსხვავებული აზრობრივი სფეროდან გამომდინარე იდეებს. ჰესემ რთული შემოქმედებითი ევოლუცია განვლო. ადრინდელი ნაწარმოებები („რომანტიკული სიმღერები“, 1899; „ჰერმან ლაუშერი“, 1901) აღბეჭდილი იყო ესთეტიზმითა და ნეორომანტიკული სულისკვეთებით; მომდევნო წლებში თავი იჩინა რეალისტურმა, სოციალურ-კრიტიკულმა ტენდენციებმა (რომანები „პეტერ კამენცინდი“, 1904; „ბორბლის ქვეშ“, 1906). ჰესეს I მსოფლიო ომის შემდგომ შემოქმედებას ღრმა კვალი დაამჩნია დასავლეთის სამყაროს სულიერ-კულტურის კრიზისის განცდამ. მის მხატვრულ ძიებათა ცენტრში მოექცა თვითმყოფი და ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბების პრობლემა (რომანი „დემიანი“, 1919), რაც მის ნოველისტიკაშიც დამკვიდრდა („კლაინი და ვაგნერი“, 1920; „კლინგზორის უკანასკნელი ზაფხული“, 1920). ჰესეს შემდგომ რომანებსა და მცირე პროზაულ თხზულებებს საფუძვლად უდევს „ტრამალის მგელი“ (1927) სიცოცხლის „ბიპოლარული“ ხასიათი და საპირისპირო პოლუსთა ჰარმონიული ურთიერთშეთანხმების იდეაა წარმოჩენილი. ეს პრობლემა დგას მომდევნო რომანებშიც „ნარცისი და გოლდმუნდი“ (1930), „თამაში რიოში მარგალიტებით“ (1943). დიდ ყურადღებას იმსახურებს ჰესეს ესეისტური ხასიათის თხზულებებიც („მოაგარაკე“, 1925; „ნიურნბერგის მოგზაურობა“, 1927), ნაკლებად მნიშვნელოვანია გამოსახვის ტრადიციულ ფორმებზე დაფუძნებული მისი ლირიკა. ჰესეს პროზისათვის დამახასიათებელია თხრობის ინტელექტუალიზაცია, ესეიზმი, სიმბოლურ-ალეგორიული ელემენტების სიჭარბე და ფილოსოფიური სიღრმე. მის თხზულებებში ორი სინამდვილეა წარმოდგენილი — გარეგანი, ყოფით-ემპირული და შინაგანი, აიმბოლურ-ალეგორიული, რომელსაც თვითონ უწოდებს „მაგიურს“.

ჰესეს მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრემია — ფონტანეს (1919), გოეთეს (1948), რააბეს (1950), გერმ. წიგნით მოვაჭრეთა მშვიდობისა (1955) და სხვ. 1956 წელს დაარსდა ჰესეს სახელობის პრემია.