სემიუელ ლენგჰორნ კლემენზი (ინგლ. Samuel Langhorne Clemens; დ. 30 ნოემბერი, 1835, ფლორიდა, მისურის შტატი ― გ. 21 აპრილი, 1910, რედინგი, კონექტიკუტის შტატი), ცნობილია მარკ ტვენის (Mark Twain) სახელით — ამერიკელი მწერალი, სატირიკოსი და იუმორისტი.
ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვეს მარკ ტვენის ნაწარმოებმა „ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები“ და „ტომ სოიერის თავგადასავლები“. თავისი ცხოვრების მანძილზე მეგობრობდა ამერიკის პრეზიდენტებთან, ევროპელი სამეფო ოჯახების წევრებთან, ცნობილ მხატვრებთან და მეწარმეებთან. მწერალი სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით. მისი მწვავე და მახვილგონივრული სატირა ქებას იღებდა როგორც თაყვანისმცემლებისაგან, ისევე კრიტიკოსებისაგან.
ამერიკელმა მწერალმა უილიამ ფოლკნერმა ტვენს „ამერიკული ლიტერატურის მამა“ უწოდა. ტვენი დიდ ინტერესს გამოხატავდა მეცნიერებისადმი. პოლიტიკური შეხედულებებით, იგი ომს ეწინააღმდეგებოდა და განსაკუთრებით აშშ-ს მიერ ფილიპინების ოკუპაციას. ტვენი კრიტიკულად იყო განწყობილი ორგანიზებული რელიგიისადმი, თუმცა არასოდეს უთქვამს უარი თავის პრესბიტერიანულ აღმსარებლობაზე.