.

ავტორი (ები): შოთა რუსთაველი

ავტორის შესახებ

შოთა რუსთაველი, რუსთველი (*დაახ. 1160/65 – ? ) - XII საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „ვეფხისტყაოსანი“. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.

 შ. რუსთაველის ბიოგრაფიული ცნობები თითქმის არაა შემონახული, მაგრამ მრავალი ხალხური და ლიტერატურული გადმოცემის თუ სამეცნიერო ჰიპოთეზის მიხედვით მკვლევარები ასკვნიან, რომ "ვეფხისტყაოსანის" ავტორი, სახელად შოთა, თამარ მეფის თანამედროვე, დიდგვაროვანი პირი, იყო ჰერეთის ან მესხეთის რუსთავის მფლობელი (აქედან ზედწოდება - რუსთაველი), საქართველოს სამეფო კარის მეჭურჭლეთუხუცესი, რომელმაც ხანდაზმულობაში შეაკეთებინა იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტერი და მოახატვინა სვეტები. ამ დამსახურების აღსანიშნავად მონასტრის სააღაპე წიგნში შეიტანეს მისი სახელი, ხოლო მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე, მაქსიმე აღმსარებლისა და იოანე დამასკელის ფრესკათა შორის, მისი სურათი გამოსახეს.

ვარაუდობენ, რომ "ვეფხისტყაოსანი" 1189–1207 წლებშია დაწერილი. მასში ასახულია XI–XII საუკუნეების საქართველოს სინამდვილე. რუსთაველის რელიგია ქრისტიანობაა. იგი XII საუკუნის ქართული ქრისტიანული სახელმწიფოს მკვიდრია, აღიარებს ღმერთის არსებობას და სულის უკვდავებას, იცის და ეყრდნობა ბიბლიას. დღეისათვის "ვეფხისტყაოსანი" მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე არის თარგმნილი.