ნიკო (ნიკოლოზ) მერაბის ძე ლორთქიფანიძე (დ. 29 სექტემბერი [ძვ. სტ. 17 სექტემბერი], 1880, ჩუნეში, (წყალტუბოს რაიონი)) — გ. 25 მაისი, 1944, თბილისი) — ქართველი მწერალი. ნიკო ლორთქიფანიძე დაიბადა 1880 წლის 29 სექტემბერს სოფელ ჩუნეშში (ამჟამინდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი). მწერალი იმერელ თავადთა შთამომავალი იყო. მისი წინაპრები იმერეთის მეფის კარზე მიღებული პირები ყოფილან. მათ „ფიცის კაცებს“ უწოდებდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქვეყნისათვის ყველაზე რთულ პერიოდში მათ ანდობდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტას. „ფიცის კაცები“ სასახლის გვარდიის როლს ასრულებდნენ. ამ „ფიცის კაცთა“ წინამძღოლი ყოფილა მწერლის პაპა – გიორგი ლორთქიფანიძე – ბავშვობიდანვე დაახლოებული იმერეთის მეფე სოლომონ მეორესთან. თავის დროზე ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო მწერლის მამა – მერაბ ლორთქიფანიძეც. მას ერთ-ერთ პირველს, ჯერ კიდევ საგლეხო რეფორმის გატარებამდე გაუთავისუფლებია თავისი ყმები. მწერლის დედა წულუკიძეთა ოჯახის ასული იყო..,