ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა ილიას ძე ვადაჭკორია დაიბადა 1951 წლის 20 ივნისს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჭანჭათში. 1966 წელს დაამთავრა სოფ. ჭანჭათის არასრული, ხოლო 1968 წელს სოფ. აკეთის საშუალო სკოლა.
1977 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1979 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ხალხთა მეგობრობის მუზეუმში. 2000-2006 წლებში მუშაობდა იმავე აკადემიასთან არსებულ პოლიტოლოგიის ინსტიტუტში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე. 2006 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის 15 ივნისამდე ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლი იყო. 2019 წლის ოქტომბრიდან ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორია. წლების მანძილზე დედაქალაქის სხვადასახვა უმაღლეს სასწავლებლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
1986 წელს დაიცვა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო, 2002 წელს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ინტენსიურად იკვლევს ქართული პოლიტიკური აზროვნების, ქართული ემიგრაციისა და საქართველოს უახლესი პერიოდის პოლიტიკური ისტორიის სხვა აქტუალურ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. აქედან 37 წიგნი და ბროშურა, რომელთაგან 14 მონოგრაფიაა. 1)ეროვნული სახელმწიფოებრიობის საკითხი ქართულ პოლიოტიკურ აზროვნებაში. ნაკვეთი I. (1917-1918 წწ.); 2) ეროვნული სახელმწიფოებრიობის საკითხი ქართულ პოლიოტიკურ აზროვნებაში. (1921-1923 წწ.); 3) საქართველო-სომხეთის ურთიერთობის საკითხი ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში (1918-1920 წწ.); 4) ქართული სოციალ-დემოკრატია 1917-1921 წლებში; 5) საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები. (XX საუკუნე) წიგნი I; 6) ებრაელთა საკითხი და ქართული სინამდვილე (1921-1940); 7) საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები. (XX საუკუნე) წიგნი II; 8) კოდორის ხეობის დილემა და ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრი (1993- 2014); 9) ქართული ეპოსიდან ამოზიდული ლეგენდა (ვალოდია გოგუაძე); 10) საბჭოთა რუსეთთან საქართველოს დამარცხების ზოგიერთი ფაქტორის დაზუსტებისათვის (1921 წლის თებერვალი-მარტი); 11) ქართული ემიგრაცია და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში (1921-1990); 12) ოსური საკითხი და ქართული სინამდვილე (1917-1925 წწ.); 13) საბჭოთა რუსეთთან საქართველოს დამარცხების ქრონიკა. 1921 წელი; 14) „ოსების გენოციდის“ მითი და 1918-2022 წლების ისტორიული სინამდვილის პარადიგმები. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი.