დავით სამსონის ძე კლდიაშვილი (დ. 29 აგვისტო/11 სექტემბერი, 1862, სოფელი ზედა სიმონეთი, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი ― გ. 24 აპრილი, 1931, იქვე, დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში) — ქართველი მწერალი, საქართველოს სახალხო მწერალი (1930). დაიბადა იმერეთის გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. ხომულში (ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ბაბუამისის, აზნაურ ნიკო ღოღობერიძის ჯერ კიდევ წელმაგარ ოჯახში გაატარა.7 წლის კლდიაშვილი ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად. 1872 წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1880) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა (1882). ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გააწესეს ბათუმში. 1905—1907 რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო ვიცე-პოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან. 1905 წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. 1915 მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული. სოფელ ზედა სიმონეთში არის დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი.