ეკატერინე რევაზის ასული თარხნიშვილი–გაბაშვილი (დ. 16 ივნისი, 1851, გორი — გ. 7 აგვისტო, 1938, სოფ. ახალქალაქი, კასპის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. 1869 წელს დაამთავრა ფავრის კერძო პანსიონი თბილისში (1868). პირველი ნაწარმოები „გლეხკაცების აზრი სასოფლო შკოლაზედ“ გამოაქვეყნა 1870 წელს „დროებაში“, მას მოჰყვა „მაგდანას ლურჯა“, „ღვინია გადაიჩეხა“, „ჭიაკოკონა ღამეს“, „სოფლის მეგობარი“, „თინას ლეკური“, „სოფლის მასწავლებელი“, „დედის მარჯვენა ხელი“ და სხვა. აღსანიშნავია რომ მწერლის მოთხრობების მიხედვით ქართველმა კინემატოგრაფისტებმა შექმნეს შესანიშნავი მხატვრული ფილმები „ჭიაკოკონა“ (რეჟისორი ნ. პაპინაშვილი) და „მაგდანას ლურჯა“ (რეჟისორები თ. აბულაძე და რ. ჩხეიძე). ეკატერინე გაბაშვილი ქართული კრიტიკული რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მან ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში პროზის მცირე ჟანრები — პატარა მოთხრობა, ნოველა, მინიატიურა, სურათი. მისი ლიტერატურული შეხედულებები რუსი რევოლუციონერ-დემოკრატების და ქართველი „სამოციანელების“, განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძის იდეური ზემოქმედებით ჩამოყალიბდა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.