ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბადრი გოგია დაიბადა სოხუმში 1966 წლის 4 მარტს, 1983 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. სოხუმის პირველი საშუალო სკოლა, ხოლო 1990 წელს, ასევე წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობა. სტუდენტობის დროს აქტიურად იყო ჩართული სოხუმში გამომავალი სტუდენტურ-ახალგაზრდული ჟურნალ „ცხუმის“ გამოცემაში.
1991-1993 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1993 წელს ჩაირიცხა პარიზის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში (INALCO) დოქტორანტურის განყოფილებაში, სადაც 1993-1998 წლებში ზაზა ალექსიძის და ჟორჟ შარაშიძის ხელმძღვანელობით მოამზადა სადოქტორო დისერტაცია (Doctorat). 1998 წლის ივნისში, იმავე პარიზის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ფრანგულ ენაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე: „დასავლეთ საქართველო აღმოსავლურ და დასავლურ ისტორიულ წერილობით წყაროებში უძველესი დროიდან 1864 წლამდე“, რის საფუძველზე მიენიჭა INALCO -ს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 2001 წელს ნოსტრიფიკაციის საფუძველზე დისერტაცია დაიცვა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც და მიენიჭა ისტორიის დოქტორის წოდება. 1997 წელს თბილისში სპეციალურად რუსულ ენაზე გამოიცა ბადრი გოგიას სქელტანიანი წიგნი (ჯემალ გამახარიასთან თანაავტორობით) : „აფხაზეთი - საქართველოს ისტორიული მხარე (ისტორიოგრაფია, დოკუმენტები და მასალები, კომენტარები)".
1993 წლიდან მუშაობდა ფრანგი ლინგვისტის ჟორჟ (გიორგი) შარაშიძის ხელმძღვანელობით, ხოლო 1998 წლიდან შეუდგა, ფრანგი აკადემიკოსის და აღმოსავლეთმცოდნის ჟან პიერ-მაეს ხელმძღვანელობით (პარიზის უმაღლესი სწავლების პრაქტიკული სკოლა, EPHE), „ქართლის ცხოვრების“ II ტომის კომენტირებულ თარგმნას ფრანგულ ენაზე (2001).
იქვე პარიზშივე 1993 წლიდან დაწერა და გამოსაცემად მოამზადა რამდენიმე სქელტანიანი ნაშრომი ქართულ, რუსულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე: „XX საუკუნის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა“; კომენტარები და შესავალი ჟიულ მურიეს წიგნისთვის - „სამეგრელო (ძველი კოლხეთი)“; „აფხაზეთი - საქართველოს ისტორიული პროვინცია (გეოგრაფიული რუკები ადასტურებენ (გამოქვეყნდა 2005 წელს რუსულად); „მსოფლიო კარტოგრაფია (კოლხური კირბებიდან ევროპულ მაფამუნდებამდე“; „ძველქართული ტომები: მათი ეთნონიმიკა და წვლილი მსოფლიოს ჩამოყალიბებაში“ (შეზღუდული ტირაჟით გამოქვეყნდა 1998 წელს) ; "ისტორიის საავეებთან, ქართველთა წამყვანი როლი, დაკნინება და აღდგინება (ლინგვისტური მასალებისა და წყაროების მეცნიერული ანალიზი)", 2 ტომად, 2006, პარიზი, ლონდონი, რომი); „მესხები - მოსკოვიის დამაარსებლები“, პარიზი, 2005, რუსულად (შენიშვნა: მოსკოვიის და არა მოსკოვის !); „ისტორიული ცნობა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ (2006, პარიზი, რუსულად); „ქართული საკითხი. ვინ იმალებიან ყალბი ისტორიკოსების უკან ?", 2000, პარიზი, ფრანგულად და რუსულად); „ზღაპრები (აფხაზური) სეპარატიზმის სტატუსის სამსახურში“ (2006, პარიზი, რუსულად); „ძველი კოლხეთის ზოგიერთი ტომის ეთნონიმებთან დაკავშირებით ანუ რას გვერჩის ბატონი ლომოური“, პარიზი, 2003, ქართულად; „საქართველო - რუსეთის აგრესიის მსხვერპლი“ (2008, პარიზი, ინგლისურად) და სხვა. მისი კარტოგრაფიული სტატია შევიდა აფხაზეთის ისტორიის კოლექტიურ ნაშრომში (ქართულად და რუსულად), 2017 წელს მისი რედაქტორობითა და წინასიტყვაობით პარიზში გამოქვეყნდა ჯემალ გამახარიას და ლია ახალაძის ნაშრომი - „აფხაზეთის ისტორიის, პოლიტიკისა და კულტურის საკითხები“ ფრანგულ ენაზე.
ბადრი გოგია სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის, პარიზის, ბრიტანეთის, ბერლინის, რომის ძირითად ბიბლიოთეკებში, ევროპის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში, ვატიკანის საიდუმლო არქივსა და სამოციქულო ბიბლიოთეკაში, პარიზის არქივებსა და სამეცნიერო ცენტრებში, სადაც მიაგნო ზოგიერთ აქამდე უცნობ დოკუმენტეს და ისტორიულ რუქებს. მონაწილეობდა სხვადასხვა პოლიტიკურ კონფერენციებში (იუნესკო, ევროპის სხვა სამეცნიერო ცენტრები), სადაც განიხილებოდა საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული საკითხები.