შოთა ცხოვრებაშვილი (დ. 12 აგვისტო, 1920, ხაშური) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის ემერიტუს-პროფესორი. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების წევრი (1940). საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი (1983).
შოთა ცხოვრებაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1942 წელს; ასპირანტურა 1947 წელს. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1947 წელს თემაზე: „ქართლის ბარის დასავლეთი ნაწილის გეომორფოლოგია“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1967 წელს თემაზე: „აჭარა-თრიალეთის მთაგრეხილის გეომორფოლოგია“. სალექციო მუშაობის გარდა, იგი აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა. მისი საქმიანობის ძირითად ინტერესს საქართველოს სამხრეთ მთიანეთის რელიეფის შესწავლა და გეომორფოლოგიური კვლევის მეთოდების შესწავლა წარმოადგენდა. კვლევა-ძიების გეომორფოლოგიური მეთოდების სფეროში მის მიერ არის დამუშავებული ერთ-ერთი გეომორფოლოგიური ფენომენის — მთიან მხარეებში არსებული მოსწორებული ზედაპირების, რაოდენობის დადგენის სტატისტიკური მეთოდი. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო, სასწავლო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომის ავტორი.[1] საქართველოში გეომორფოლოგიის დარგის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა ღირსების ორდენით (2015). ამჟამად იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი და რექტორთა მრჩეველთა საბჭოს წევრია.[2]