.

ავტორი (ები): ალექსანდრე შმემანი

ვებგვერდი: https://goo.gl/e9HJA4
ავტორის შესახებ

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი მოღვაწე და ღვთისმეტყველი, მღვდელი, პროფესორი, მქადაგებელი. დაიბადა 1921 წლის 13 სექტემბერს რეველში (ესტონეთი), სადაც მისი ოჯახი აღმოჩნდა 1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ. მისი ბაბუა იყო რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი, მამა – სემიონოვსკის პოლკის ლეიბ-გვარდიის ოფიცერი, დედა – კოსტრომის მემამულის ქალიშვილი. ოციანი წლების დასაწყისში შმემანების ოჯახი გადავიდა პარიზში. თავდაპირველად ალექსანდრე შმემანი მიაბარეს კადეტთა კორპუსში, საიდანაც იგი გადავიდა ფრანგულ ლიცეუმში. ლიცეუმის დასრულების შემდეგ 1940 წელს შმემანმა სწავლა გააგრძელა პარიზის წმინდა სერგის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. 1944 წელს ალექსანდრე შმემანი დანიშნეს საპროფესორო სტიპენდიანტად პროფესორ ა. კარტაშევის ხელმძღვანელობით. მომდევნო წელს ალექსანდრე შმემანი გახდა ღვთისმეტყველების კანდიდატი და დაიწყო ძველი და ბიზანტიური ეკლესიების ისტორიის კურსის კითხვა. მისი პირველი ლექციის მოსმენის შემდეგ მისმა ხელმძღვანელმა მოხუცებულმა ისტორიკოსმა კარტაშევმა თქვა: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო...“ ეკლესიის ისტორიაში მუშაობის ნაყოფი იყო ალექსანდრე შმემანის წიგნი `მართლმადიდებლობის ისტორიული გზა.~ 1946 წელს ალექსანდრე შმემანი მღვდლად აკურთხეს. მამა ალექსანდრე ასწავლიდა წმინდა სერგის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. 1951 წელს მამა გიორგი ფლოროვსკიმ მამა ალექსანდრე მიიწვია ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმერის აკადემიაში. მამა ალექსანდრე მეუღლესთან (იულიანა ოსორგინა) და სამ შვილთან ერთად საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. 1959 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლიტურგიულ ღვთისმეტყველებაში (შემდგომში სადისერტაციო ნაშრომი დაიბეჭდა წიგნად „შესავალი ლიტურგიულ ღვთისმეტყველებაში“). 

ალექსანდრე შმემანის ძირითადი ნაშრომებია: „შესავალი ლიტურგიულ ღვთისმეტყველებაში“, „ევქარისტია“, „წყლითა და სულით,“ „ამა სოფლის სიცოცხლისათვის“, „მძიმე მარხვა“. მისი შრომები ფართოდ გამოიყენება ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტში. ამ რამდენიმე წლის წინ აშშ-ს მთავრობამ არმიისათვის „მძიმე მარხვის“ რამდენიმე ათასი ეგზემპლარი დაუკვეთა... მამა ალექსანდრეს გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ აღმოაჩინეს მისი დღიურები, რომელიც უკვე რამდენიმე ენაზე ითარგმნა და გამოიცა.