დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს; ხოლო ასპირანტურა არქეოლოგიის განხრით.
1965 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში განაგებდა მის მიერვე დაარსებულ შუა საუკუნეების არქეოლოგიის განყოფილებას; იგი უშუალოდ მონაწილეობდა ციხე ქალაქ უჯარმის, ნადარბაზევის, ძველი თბილისის "განჯის კარის", ურბნისის, ვარციხის, კვეტერის, ხვამლის და სხვა ექსპედიციებში; დიდი ამაგი დასდო საქართველოს უძველესი დედაქალაქის მცხეთის ისტორიული წარსულის შესწავლას; მნიშვნელოვანი აღმოჩენები ჰქონდა არმაზისხევში, ბაგინეთსა და სამთავროში; წლების მანძილზე მცხეთის მიდამოებში წარმოებულ გათხრებს ხელმძღვანელობდა; იყო ქართული ლიტერატურისა და კულტურის ბრწყინვალე მცოდნე, 75 ნაშრომის ავტორი; მას ეკუთვნის ასევე ამერიკელი მწერლის დოს პასოსის რომანის "42 პარალელის" თარგმანი.