კარლ გუსტავ იუნგი (გერმ. Carl Gustav Jung [ˈkarl ˈgʊstaf ˈjʊŋ]; დ. 26 ივლისი, 1875, კესვილი, თურგაუ, შვეიცარია - გ. 6 ივნისი, 1961, კიუსნახტი, ციურიხი, შვეიცარია)
შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი. იუნგმა ფსიქოანალიტიკაში შემოიტანა და განავითარა ექსტრავერტისა და ინტროვერტის ცნებები; არქეტიპები და კოლექტიური არაცნობიერი. მისმა ნაშრომებმა გავლენა მოახდინა ფსიქიატრიასა და რელიგიურ სწავლებაზე, არქეოლოგიაზე, ფილოსოფიაზე, ანთროპოლოგიაზე, ლიტერატურაზე და სხვა მსგავს დარგებზე. იუნგის ნაშრომების უმეტესი ნაწილი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა.
ანალიტიკური ფსიქოლოგიის მთავარი ცნება არის ინდივიდუალიზაცია - ფსიქოლოგიური პროცესი, როდესაც ურთიერთსაწინააღმდეგო სფეროები ერთიანდება, ცნობიერი და არაცნობიერი ერთად კოორდინირებენ, თუმცა ამავე დროს არ კარგავენ საკუთარ ავტონომიას. იუნგი ადამიანის განვითარების ცენტრალურ პროცესად ინდივიდუალიზაციას მიიჩნევს.
იუნგი ადამიანის ფსიქიკას განიხილავდა, როგორც „რელიგიურ ბუნებას“ და მის გამოკვლევებში რელიგიურობას მთავარი ადგილი ეჭირა. იუნგი ასევე ერთ-ერთი თანამედროვე წარმომადგენელია სიზმრების ანალიზსსა და სიმბოლიზმში.
მისი უნიკალური და გავლენიანი შეხედულება ფსიქოლოგიაზე ყურადღებას ამახვილებს ფსიქიკის გაანალიზებაზე სიზმრების, ხელოვნების, მითოლოგიის, მსოფლიო რელიგიებისა და ფილოსოფიის სამყაროთა შესწავლით. მიუხედავად იმისა, რომ ის პირველი არ ყოფილა, რომელმაც სიზმრების ანალიზი სცადა, ის უდავოდ ყველაზე ცნობილი პიონერია ამ დარგში. თუმცა, ის თეორეტიკოსი ფსიქოლოგი იყო და მთელი ცხოვრება კლინიკურ პრაქტიკას ეწეოდა, მისი ცხოვრებისეული ნაშრომების უმრავლესობა სხვა იდეათა შემეცნებას ეთმობა, როგორიცაა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფილოსოფია, ალქიმია, ასტროლოგია, სოციოლოგია, ლიტერატურა და ხელოვნება. იუნგის ინტერესმა ფილოსოფიისა და ოკულტიზმისადმი მას ბევრის თვალში მისტიკოსის სახელი დაუმკვიდრა, მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობდა თავი მეცნიერად წარმოეჩინა. მან უდიდესი გავლენა მოახდინა ფსიქოლოგიაზე, „რელიგიურ ფსიქოანალიზზე“, სპირიტუალიზმზე და ახალი ეპოქის მოძრაობაზე.