.

ავტორი (ები): თინათინ მარგალიტაძე

ვებგვერდი: http://margaliti.ge/
ავტორის შესახებ

თინათინ მარგალიტაძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი (ინგლისური ფილოლოგიის მიმართულება);

უნივერსიტეტის „ლექსიკოგრაფიული ცენტრის“ სამეცნიერო ხელმძღვანელი;

ევროპის ლექსიკოგრაფიული ასოციაციის (EURALEX) მმართველი საბჭოს წევრი;

გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების გამგეობის წევრი;

საქართველოში ორენოვანი ლექსიკოგრაფიის განვითარების ხელშემწყობი კომისიის წევრი.

1985 წლიდან დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ერთ-ერთი შემდგენელი, რედაქტორი, შემდეგ მთავარი რედაქტორი და გამომცემელი (დღეისათვის გამოქვეყნებულია ლექსიკონის 14 ტომი; ინტერნეტში ატვირთულია ლექსიკონის ონლაინ-ვერსია, რომელიც 110 000 სიტყვა-სტატიას მოიცავს, http://dict.ge). ინგლისურ-ქართული სამხედრო ონლაინ-ლექსიკონისა (10 000 სიტყვა-სტატია, http://mil.dict.ge) და ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ონლაინ-ლექსიკონის (16 000 სიტყვა-სტატია, http://bio.dict.ge) რედაქტორი.

თინათინ მარგალიტაძემ დაამთავრა თსუ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში ინგლისური ფილოლოგიის კათედრაზე და 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია: „მრავალმნიშვნელობიანი ზედსართავი სახელების, როგორც სანომინაციო ერთეულების სტრუქტურულ-სემანტიკური დახასიათება თანამედროვე ინგლისურ ენაში“. 1989 წელს მონაწილეობდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ სამთვიან კურსებში სარეის უნივერსიტეტში, ქ. გილფორდი, დიდი ბრიტანეთი. მოწვეული მეცნიერის სტატუსით 1997 წელს იმყოფებოდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, ლინგვისტიკის დეპარტამენტში, ხოლო 2011 წელს ტურინის უნივერსიტეტში, ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების დეპარტამენტში.

2009 წლიდან ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო, ხოლო 2011 წლიდან სადოქტორო პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი თსუ-ში.

ლექსიკოგრაფიაში ბათუმის ორი საერთაშორისო სიმპოზიუმების ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი (2010 და 2012).

საქართველოში ორენოვანი ლექსიკოგრაფიის განვითარების ხელშემწყობი კომისიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და წევრი.

მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროში შედის: ორენოვანი ლექსიკოგრაფია (ზოგადი და სპეციალიზებული); ეკვივალენტობის პრობლემა მონათესავე და არამონათესავე ენებში; პოლისემიური სიტყვების უნივერსალური მოდელები; სიტყვის მნიშვნელობის სემანტიკური სტრუქუტურა და სალექსიკონო დეფინიციები; ქართული ორენოვანი ლექსიკოგრაფიის ისტორია; პარალელური კორპუსები; კორპუსზე დაფუძნებული ლექსიკოგრაფია.