შარლოტ ბრონტე (დ. 21 აპრილი, 1816 — გ. 31 მარტი, 1855) — ინგლისელი მწერალი. იგი დაიბადა 1816 წელს თორნტონში (იორკშირი), მღდვლის სახლში. შარლოტას მამამ, პატრიკ ბრონტემ, რომელსაც ცოლი ადრე გარდაეცვალა, რვა შვილიდან ოთხი, პასტორ უილსონის ქალთა სკოლაში მიაბარა, სადაც მდიდართა ოჯახებისთვის აღმზრდელებს ამზადებდნენ. ამ სასწავლებელში ყოფნისას შარლოტას უფროსი დები ჭლექით დაავადდნენ და გარდაიცვალნენ. პასტორ უილსონის სასწავლებლიდან გამოყვანილი შარლოტა კერძო პანსიონს მიაბარეს. კერძო პანსიონის დამთავრების შემდეგ შარლოტამ იქვე დაიწყო აღმზრდელად მუშაობა, შემდეგ იგი მოეწყობ იორკში, ერთ-ერთი ფაბრიკანტის ოჯახში, სადაც მრავალი დამცირება გადაიტანა. მისმა ამაყმა ხასიათმა ვერ გაუძლო დამცირებას და იორკიდან ბრიუსელში გადავიდა, სადაც მუშაობა ერთ-ერთ პანსიონში ინგლისური ენის მასწავლებლად დაიწყო.