მიშელ უელბეკი (Michel Houellebecq, ნამდვილი სახელი და გვარი მიშელ ტომა, დ. 26 თებერვალი, 1958, რეიუნიონი) — ფრანგი მწერალი. ავტორი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ცნობილია თავისი პროვოკატორული რომანებით.
მიშელ უელბეკი მთამსვლელი მამისა და ანესთეზიოლოგი დედის ოჯახში დაიბადა. იგი ჯერ ალჟირში, დედის მშობლებთან იზრდებოდა, ექვსი წლის ასაკში კი მამის დედამ აიღო მასზე მზრუნველობა. სწორედ ბებიის გვარი გამოიყენა შემდგომში მიშელმა თავის ფსევდონიმად. ლიცეუმის დამთავრებს შემდეგ, 1975 წელს, მიშელი შედის პარი-გრინიონის ეროვნულ აგრონომიულ ინსტიტუტში. აქ იგი აარსებს ლიტერატურულ ჟურნალს “კარამაზოვი”, სადაც თავის რამდენიმე ლექსს აქვეყნებს. 1978 წელს იგი აგრონომის დიპლომს იღებს. ამის შემდეგ მიშელი სწავლას განაგრძობს ლუი ლუმიერის ეროვნულ უმაღლეს სკოლაში, კინემატოგრაფიის სექციაზე, რომელსაც წარმატებით ამთავრებს 1981 წელს. ამავე წელს იბადება მისი ვაჟი, ეტიენი. რამდენიმე წელიწადი მიშელი უმუშევარია, ამას ემატება მეუღლესთან განქორწინება, რის გამოც ძლიერი დეპრესია ეწყება.
1983 წლიდან ინფორმატიკოსის კარიერას იწყებს, შემდეგ, სამი წლის მანძილზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს. ამ პერიოდს აღწერს იგი თავის რომანში ბრძოლის ველის განვრცობა. 1991 წელს გამოდის მიშელ უელბეკის ორი პოეტური კრებული, რომლებსაც არანაირი წარმატება არ მოჰყვება.