.

ავტორი (ები): ჯოვანი ბოკაჩო

ავტორის შესახებ

ჯოვანი ბოკაჩო (იტალ. Giovanni Bocaccio; დ. 31 დეკემბერი, 1313, ჩერტალდო, ტოსკანა – გ. 2 დეკემბერი, 1375, ჩერტალდო, ტოსკანა) — იტალიელი მეცნიერი, რენესანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოების —„დეკამერონის“ — ავტორი.

ჯოვანი ბოკაჩო იყო ფლორენციელი სოვდაგრის და წარჩინებული წოდების ფრანგი ქალის, ჟანას, შვილი. დედა ადრე გარდაეცვალა. ერთი წლიდან ფლორენციაში დედინაცვალი ზრდიდა. ათ წლამდე ჯოვანი ფლორენციაში იზრდებოდა, შემდეგ კი აღსაზრდელად მიაბარეს ერთ ვაჭარს ნეაპოლში, რომლისგანაც მას კომერცია უნდა ესწავლა. ბოკაჩომ ვაჭრობა ექვსი წლის მეცადინეობის მიუხედავად ვერ შეისწავლა, ასევევერ შეისწავლა სამართალი, რომელსაც შემდეგი ექვსი წლის მანძილზე სწავლობდა. ახალგაზრდა ბოკაჩოს არ სურდა ვაჭრობისა და სამართლის სწავლა, არამედ გული მიუწევდა პოეზიისა და მწერლობისკენ, ბავშვობიდანვე ეცნობოდა რა რომაელი კლასიკოსებისა (ვერგილიუსი, ოვიდიუსი, სენეკა, ციცერონი) და დანტეს შემოქმედებას.

ნეაპოლში ბოკაჩო მოხვდა მეფე რობერტ ანჟუელის კარზე. რობერტ ანჟუელი იყო განათლებული და რამდენიმე უმნიშნელო ლიტერატურული ქმნილების ავტორი, რომელიც სიამოვნებით იკრებდა თავის გარშემო ნიჭიერ ახალგაზრდა პოეტებსა და მეცნიერებს. ბოკაჩომ მეფის კარზე გაიცნო ფრანგი რაინდული ზნეობანი, ეზიარა ელინურ და ლათინურ კულტურას; ამავე დროს, განიცადა ჰუმანისტური იდეების გავლენა. ნეაპოლში ბოკაჩოს შეუყვარდა მეფე რობერტის გათხოვილი ქალიშვილი მარიამ აქვინელი, რომელიც შემდგომ განსახიერდა ბოკაჩოს შემოქმედებაში ფიამეტას სახით. მარიამ აქვინელმა შთააგონა ბოკაჩოს პირველი ნაწარმოებები — რომანი „ფილოკოლო“ (1336) და იტალიურ პოეზიაში ოქტავებით დაწერილი პირველი პოემა „ფიეზოლელი ნიმფები“ (1345). ამ ადრინდელ ნაწერებში სჭარბობს კლასიკური მითოლოგიით შეფერილი საშუალო საუკუნეების ლიტერატურული ფორმები (რაინდული თაგადასავლები, ალეგორიზმები და სხვა)