.

ავტორი (ები): ჰარიეტ ბიჩერ სტოუ

ავტორის შესახებ

ჰარიეტ ბიჩერ სტოუ (ინგლ. Harriet Beecher Stowe; დ. 14 ივნისი, 1811 — გ. 1 ივლისი, 1896) — ამერიკელი აბოლიციონისტი და მწერალი. მისმა რომანმა ბიძია თომას ქოხი (1852), რომელიც აღწერს აფრო-ამერიკელების მაშინდელ მონურ ცხოვრებას, ძალიან დიდი პოპულარობა და გავლენა ჰპოვა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე გაერთიანებულ სამეფოში. ამ რომანმა შტატების ჩრდილოეთ ნაწილში, ძალიან დიდი სტიმული მისცა მონობის წინააღმდეგ მებრძოლთა ძალებს, რამაც შტატების სამხრეთ ნაწილში საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. მის კალამს ეკუთვნის 20-ზე მეტი წიგნი, რომელიც მოიცავს რომანებს, სამოგზაურო მემუარებს და სტატიებისა და წერილების კოლექციას.

ჰარიეტ ელიზაბეტ ბიჩერი დაიბადა ლიჩფილდში 14 ივნისს, 1811 წელს. ის 13-დან მეშვიდე შვილი იყო ოჯახში. მისი მამა, განთქმული რელიგიური ლიდერი ლიმან ბიჩერი იყო, ხოლო დედა, როქსანა ფუტი, ასევე ღრმად რელიგიური ქალბატონი, რომელიც გარდაიცვალა მაშინ, როცა სტოუ მხოლოდ ხუთი წლის იყო. მისი და ეკატერინე ბიჩერი, იყო ცნობილი განმანათლებელი და მწერალი. გარდა დისა, მას ჰყავდა 7 ძმა [საჭიროებს წყაროს მითითებას] რომლებიც სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდნენ. მათ შორის არიან ჰენრი ვორდ ბიჩერი, ჩარლზ ბიჩერი, და ედვარდ ბიჩერი. ჰარიეტი ჩაირიცხა სემინარიაში (გოგონათა სკოლა), რომელსაც ხელმძღვანელობდა მისი და ეკატერინე, სადაც მიიღო ტრადიციულად „კაცების“ კლასიკური განათლება, რომელიც მოიცავდა ენებისა და მათემატიკის შესწავლას. მის კლასელთა შორის იყო სარა პ. ვილისი, რომელიც შემდგომში ფანი ფერნის ფსევდონიმით წერდა. 21 წლის ასაკში იგი ცინცინატიში (ოჰაიო) გადავიდა მამასთან, რომელიც ლეინის თეოლოგიური სემინარიის პრეზიდენტი გამხდარიყო.

აქვე გაწევრიანდა ლიტერატურულ სალონსა და საზოგადოებრივ კლუბში, რომლის წევრებიც გახლდნენ ბიჩერის დები, კაროლინ ლი ჰენცი, სალმონ პ. ჩეიზი, ემილი ბლექვილი და სხვ. სწორედ ამ კლუბში გაიცნო მან მისი მომავალი მეუღლე კალვინ ელის სტოუ, სემინარიის პროფესორი. ისინი დაქორწინდნენ 1836 წლის 6 იანვარს. კალვინი იყო მგზნებარე მოწინააღმდეგე მონობისა და სტოუები ერთად უწევდნენ დახმარებას რამდენიმე გაქცეულ მონებს, რომლებიც მიწისქვეშა რკინიგზაზე დროებით იყვნენ თავშეფარებულნი. მათ სულ 7 შვილი ეყოლათ, რომელთა შორისაც იყვნენ ტყუპი ქალიშვილები.