რიუნოსკე აკუტაგავა (芥川 龍之介, მეტსახელად - 澄江堂主人 ჩოკოდო შუჯინ; დ. 1 მარტი, 1892, ტოკიო ― გ. 24 ივლისი, 1927, იქვე) — იაპონელი მწერალი, ახალი იაპონური ლიტერატურის კლასიკოსი. კომპოზიტორ იასუსი აკუტაგავას და დრამატურგ ხიროსი აკუტაგავას მამა. ცნობილია თავისი მოთხრობებითა და ნოველებით. 1935 წელს იაპონიაში დაწესდა აკუტაგავას სახელობის ლიტერატურული პრემია.
აკუტაგავა რიუნოსკე დაიბადა 1892 წლის 1 მარტს ტოკიოში, რძის გამყიდველის ნიიხარა ტოსიძეს ღარიბ ოჯახში (მამამისი დედაქალაქის გარეუბანში საძოვრებსაც ფლობდა). იაპონური კალენდრის მიხედვით, მისი დაბადება დაემთხვა დრაკონის თვეს, დრაკონის დღეს, დრაკონის საათს. ამიტომ მას სახელად რიუნოსკე დაარქვეს, რადგან ამ სახელის პირველი იეროგლიფი „რიუ“ აღნიშნავს „დრაკონს“. დაბადებისას რიუნოსკეს დედა 33 წლის იყო, ხოლო მამა 42 წლისა, რაც ძველი იაპონური ტრადიციის მიხედვით ცუდ ნიშნად ითვლებოდა. ცრურწმენის მიხედვით, ბავშვს მძიმე ცხოვრება და ტრაგიკული ბედი ელოდა. მშობლებმა გადაწყვიტეს ბავშვი გასაზრდელად უშვილო ბიძასთან (დედის ძმა) აკუტაგავა მიტიასთან გაეგზავნათ, რომლის გვარიც მიიღო შემდგომ მწერალმა.
რიუნოსკეს დაბადებამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა მისი უფროსი და. დედა ამ უბედურებას თავის თავს აბრალებდა და ფსიქიკურად დაავადმყოფდა. დედის შეშლილობა მთელი ცხოვრება გასდევდა მწერალს. მწერლის ბავშვობა და ყრმობა თითქოს ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, იგი კარგად სწავლობდა და უცხო ენებსაც ადვილად ითვისებდა, მაგრამ არავინ იცოდა, რომ რიუნოსკე ბავშვობიდან ჰალუცინაციებითა და უძილობით იტანჯებოდა. ეს კი მომავალ მწერალს დედისგან ერგო მემკვიდრეობით, რომელსაც თვითმკვლელობის მცდელობებიც ჰქონდა.
რიუნოსკეს ბიძა, აკუტაგავა მიტიასი ტოკიოს პრეფექტურის სამშენებლო განყოფილების უფროსად მუშაობდა და საკმაოდ შეძლებულ ადამიანად ითვლებოდა. რიუნოსკეს მან მისცა არამარტო საკუთარი გვარი, არამედ, შესანიშნავი განათლება და აღზრდა. მიტიასის ოჯახი ძველ ინტელიგენტურ ოჯახს განეკუთვნებოდა, მისი წინაპრები იყვნენ ედოს პერიოდის (ტოკუგავას სამხედრო-ფეოდალური დიქტატურა, XVII-XIX ს.) მწერლები, მეცნიერები და ინახავდა ძველ კულტურულ ტრადიციებს.
1910 წელს რიუნოსკემ წარჩინებით დაამთავრა ტოკიოს მუნიციპალური საშუალო სკოლა, და იმავე წელს, ინგლისური ენისა და ლიტერატურის შესწავლის მიზნით ჩააბარა პირველ კოლეჯში, ლიტერატურულ განყოფილებაზე. 1913 წელს აკუტაგავამ დაამთავრა კოლეჯი და ტოკიოს საიმპერატორო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ინგლისური ლიტერატურის განყოფილების სტუდენტი გახდა.
სალექციო პროცესმა იმედები გაუტეხა ახალგაზრდა ლიტერატორს, ლექციები უინტერესო გამოდგა, და მან თავი დაანება უნივერსიტეტში სწავლას. მისი ძირითადი საქმიანობა გახდა ჟურნალ „სინსიტე“-ს („Shinshichō“ „ახალი დინება“) გამოცემა. ჟურნალის გარშემო აკუტაგავამ და მისმა მეგობრებმა - ახალგაზრდა ლიტერატორებმა, კუმემ და კიკუტიმ - ჩამოაყალიბეს გაერთიანება „სინგიკოხი“ („ახალი ხელოვნების სკოლა“). ჯგუფის წევრებმა თავი გამოაცხადეს „ანტინატურალისტებად“, და ნატურალისტური სკოლის კრიტიკით გამოდიოდნენ. ჯგუფი აღიარებდა ლიტერატურას, როგორც უპირველეს ყოვლისა, ხელოვნების ფასეულობას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ფორმას, მკვეთრად გამოხატულ ფაბულას, ლიტერატურულ გამონაგონს, მოითხოვნდნენ მასალის მრავალფეროვნებას და ფერადოვნებას, აფასებდნენ ენის გამომსახველობით მხარეს.