ოთარ ჭილაძე (დ. 20 მარტი, 1933, სიღნაღი — გ. 1 ოქტომბერი, 2009, თბილისი) — ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი. 1998 წელს, ჭილაძე ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს მხოლოდ ხუთ სხვა მწერალთან ერთად. მშობლები: მამა – ივანე ჭილაძე, ეკონომისტი. დედა – თამარ მათეშვილი. მეუღლე: ნანა თოფაძე–ჭილაძისა (1933–1990). შვილები: ზაზა (1955), თამარი (1962). მისი ძმა თამაზ ჭილაძე მწერალია, ხოლო შვილი, ზაზა ჭილაძე კი ინგლისურიდან მთარგმნელი. ოთარი 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში. 1946 წელს გადავიდა თბილისში და დაამთავრა ვაჟთა მე-7 სკოლა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის განხრით. მუშაობდა ჟურნალ „ცისკარში“ (1958–64). იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის რესპუბლიკური კომიტეტის პ/მგ მდივანი (1964–73), ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ მთავარი რედაქტორი (1973–81), საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1981–87). 1991 წლიდან პროფესორია და დრამატურგიის კურსი მიჰყავდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997 წლიდან ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი. პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში „პირველი სხივი” 1952 წელს, პირველი პოეტური კრებული „მატარებლები და მგზავრები“ — 1959. მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა. მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმი „ლონდრე“ (1965).