მიხეილ იურის ძე ლერმონტოვი (რუს. Михаи́л Ю́рьевич Ле́рмонтов; დ. 3 ოქტომბერი/15 ოქტომბერი, 1814, მოსკოვი — გ. 15 ივლისი/27 ივლისი, 1841, პიატიგორსკი, დასაფლავებულია სოფ. ტარხანში) — რუსი პოეტი და პროზაიკოსი. ბავშვობა დედულეთში, პენზის გუბერნიის სოფ. ტარხანში გაატარა. 3 წლისას დედა გარდაეცვალა. პოეტის მამას, ხელმოკლე აზნაურ იური ლერმონტოვსა და დიდგვაროვან, პატივმოყვარე ბებიას, ელისაბედ არსენიევას შორის უთანხმოებამ მტკივნეული კვალი დაამჩნია ფაქიზ სულს. ლერმონტოვი ბებიასთან იზრდებოდა, იშვიათი ნიჭით ანცვიფრებდა შინამასწავლებლებს. 1827 ბებია-შვილიშვილი მოსკოვში გადასახლდა. 1828 ლერმონტოვი უნივერსიტეტთან არსებული პანსიონის IV კურსზე, ხოლო 1830 — ამავე უნივერსიტეტის ზნეობრივ-პოლიტიკურ ფაკულტეტზე ჩარიცხეს. 1832 ლერმონტოვმა მიატოვა მოსკოვის უნივერსიტეტი, როგორც ვარაუდობენ, რეაქციონერ პროფესორებთან კონფლიქტის გამო და პეტერბურგში გადავიდა. აქაური სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1834-იდან, ჰუსართა პოლკში მსახურობდა ოფიცრად. ლექსების წერა ლერმონტოვმა 1828 წელს დაიწყო, გამოქვეყნება — 1837-დან. ლერმონტოვს სახელი გაუთქვა ამავე წელს დაწერილმა ლექსმა „პოეტის სიკვდილი“, რომელიც სწრაფად გავრცელდა ხელნაწერის სახით. მძაფრი მამხილებელი პათოსის გამო მეფის მთავრობამ „რევოლუციის მოწოდებად“ მიიჩნია პუშკინის მკვლელებისადმი მიმართული ეს ლექსი. ლერმონტოვი საქართველოში გადმოასახლეს და ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში განაწესეს. პოეტმა საქართველოში 2 — 3 თვე დაყო (დაახლოებით 1837 ოქტომბერ-დეკემბერი), გაეცნო ქართველ მოღვაწეებს. საქართველოს წარმტაცმა ბუნებამ, ქართველთა თავისებურმა ყოფამ, ხალხურმა სიტყვიერებამ პოეტზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.