.

ავტორი (ები): ალექსის ბუვიე

ავტორის შესახებ

ალექსის ბუვიე - ფრანგი მწერალი ალექსის ბუვიე დაიბადა 1836 წელს პარიზში, მუშის ოჯახში და გარდაიცვალა 1892 წელს. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ იძულებული იყო მუშაობა დაეწყო ბრინჯაოს ქარხანაში, სადაც ათეული წლების მანძილზე ეწეოდა მძიმე შრომას. ნიჭიერი და ენერგიული ახალგაზრდა მალევე დაეუფლა ბრინჯაოს დამუშავების ოსტატობას და გახდა ქარგალი. იგი თავისუფალ დროს ბეჯითად კითხულობდა წიგნებს, თვითგანვითარების გზით იღრმავებდა ცოდნას.

ბუვიე ჯერ კიდევ ქარხანის მუშა იყო, როცა თავისი შემოქმედების პირველი ნიმუში გამოაქვეყნა. იგი წერდა პიესებს, ნოველებს, მაგრამ სახელი მას რომანებმა მოუხვეჭა.

ალექსის ბუვიეს რომანების მოქმედება იშლება საიდუმლოებით მოცულ ბოროთმოქმედებათა ხლართებში და ისინი მკითხველის ყურადღებას იქცევენ სიუჟეტური ხერხების სიმდიდრით, მახვილი სიტუაციებით, თხრობის სიმარტივით.

ბუვიე მეტად რთული ეპოქის შვილია. მისი დროის საფრანგეთი სავსეა მოულოდნელი ძვრებით და ქარტეხილებით. ა. ბუვიე 12 წლის იყო, როდესაც 1848 წლის რევოლუცია მოხდა. იგი ასევე მოწმე იყო 1871 წლის პარიზის კომუნის დამყარებისა, როცა საფრანგეთი კვლავ გახდა მსოფლიო ინტერესების ცენტრი. პარიზის კომუნის დამარცხების შემდეგ შეიქმნა მესამე რესპუბლიკა, რომელმაც ვერ გაამართლა ხალხის მოლოდინი. ფრანგი ხალხი კვლავ აგრძელებდა ბრძოლებს, ხშირი იყო მუშათა აჯანყება.

ყოველივე ეს ხდებოდა ხალხის სიყვარულით გულსავსე მწერლის გარშემო, მწერლის ნაწერებში ნათლად გამოსჭვივის სიმპატიების მუშებისა და მშრომელი ადამიანებისადმი.