როზეტა ასათიანი (დ. 24 ივნისი, 1939, ქუთაისი) - ქართველი ეკონომისტი.
1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1972-2006 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ ასისტენტის, შემდგომ დოცენტისა და 1993-2006 წლებში პროფესორის თანამდებობაზე. 2007-2010 წლებში იყო თბილისის საბაზრო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის სრული პროფესორი, ამჟამად არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის: მონოგრაფიები, დამხმარე სახელმძღვანელოები, ეკონომიკისა და ბიზნესის განმარტებითი ლექსიკონები და ბროშურები; მრავალი სტატიის ავტორია ქართულ ენციკლოპედიაში, თანაავტორი და მთავარი რედაქტორი პირველი ქართული სახელმძღვანელოსი ეკონომიკურ თეორიაში (1998). 40-ზე მეტი მონოგრაფიის მეცნიერ-რედაქტორია. 1993 წელს ჩამოაყალიბა სტატისტიკური სამსახური „ბარომეტრის“ სახელწოდებით, გამოსცა სტატისტიკური კრებულები სერიით - საქართველო და გარე სამყარო, სახელდობრ „მოსახლეობა ციფრებში“ (1995), „მსოფლიო ციფრებში“ (200). ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1994). რ. ასათიანის კვლევის სფეროა მაკროეკონომიკის თეორიული და პრაქტიკული ხასიათის ამოცანათა ფართო წრე.