.

ავტორი (ები): ექვთიმე თაყაიშვილი

ავტორის შესახებ

ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წ. 5 იანვარს კორდონის ოფიცრის აზნაურ სიმონ თაყაიშვილისა და ნინო ნაკაშიძის ოჯახში. მშობლები ადრევე გარდაეცვალნენ. სწავლობდა ოზურგეთისა და ფოთის სამაზრო სასწავლებლებში, ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.

  • 1887 წ. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიური ფაკულტეტი და თბილისში მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა.
  • 1895 წ. ექვთიმემ ილია ჭავჭავაძის ჩარევით ცოლად შეირთო იურისტ ივანე პოლტორაცკისა და ნადეჟდა გაბაშვილის ასული ნინო (1869-1931 წწ.). ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურ მეცნიერულ, პედაგოგიურ, საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა და თავისი მეცნიერული მუშაობის უმთავრეს მიზნად საქართველოს ისტორია–არქეოლოგიისათვის მასალების შეკრებას თვლიდა.
  • 1889 წ. დიმიტრი ბაქრაძემ და ექვთიმე თაყაიშვილმა დაარსეს "საქართველოს საეგზარქოსოს მუზეუმი" და მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე.
  • 1907 წ. ექვთიმემ საფუძველი ჩაუყარა "საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას", რომელმაც რამდენიმე წელში მნიშვნელოვან მასალას მოუყარა თავი. საზოგადოების მიერ მოწყობილი ექსპედიციებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოგზაურობა "სამუსლიმანო საქართველოში"
  • 1917 წ. ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად და დიდი როლი შეასრულა თბილისის უნივერსიტეტის დაარსების საქმეში
  • 1918 წ. 1921 წ. 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების გამო, საფრანგეთში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან გაიტანა საბანკო ვალუტა, ქვეყნის ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები. ეროვნულ განძს მცველად გაქჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი მეუღლითურთ. ექვთიმე თაყაიშვილი საფრანგეთში განაგრძობდა აქტიურ სამეცნიერო–კვლევით მოღვაწეობას.
  • 1922 წ. ის აირჩიეს პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების, ხოლო 1925 წ.–საფრანგეთის სააზიო საზოგადოების ნამდვილ წევრად.
  • 1937-1939 წწ. თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული "ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდის" თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის "Georgica"-ს სარედაქციო საბჭოს წევრი. თუმცა საფრანგეთში ცხოვრებისას ექვთიმეს მთავარ მიზანს ეროვნული განძის დაცვა წარმოადგენდა. განძს კი დაცვა ნამდვილად ჭირდებოდა: ექსპონატებით დაინტერესდნენ ბრიტანეთისა და ნიუ–იორკის მუზეუმები, გრაფ ობოლენსკის ქვრივი სალომე დადიანი განძის საგრძნობი ნაწილის ერთადერთ მემკვიდრედ მიიჩნევდა თავს და საქმე სასამართლოში აღძრა, II მსოფლიო ომის დროს ფაშისტებმა გაჩხრიკეს ექვთიმეს ბინა, საფრანგეთის მთავრობამაც თავისი პრეტენზია განაცხადა და მოითხოვა განძის ლუვრის მუზეუმისათვის გადაცემა.
  • 1935 წ. კი საქართველოს ყოფილმა მთავრობამ უარი თქვა განძის მეურვეობაზე და მისი დაცვა ექ. თაყაიშვილს მიანდო.
  • 1931 წ. გარდაიცვალა ნინო პოლტორაცკაია. მარტოობისა და უკიდურესად მძიმე მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად, ექთიმე თაყაიშვილმა შეძლო ეროვნული საგანძურის შენარჩუნება.
  • 1945 წ. II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ შეიქმნა ხელსაყრელი პოლიტიკური პირობები და საქართველოს ეროვნული საგანძური ამერიკული თვითმფრინავებით საქართველოში დააბრუნეს. განძს ექვთიმეც გამოქყვა. სამშობლოში დაბრუნებული ექვთიმე თაყაიშვილი აღადგინეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად, კითხულობდა საჯარო ლექციებს.
  • 1951 წ. კი საქართველოში არსებულმა რეჟიმმა მოხუცის შევიწროება დაიწყო: დააპატიმრეს მისი შვილობილი ლიდა პოლტორაცკაია, 1952 წ. კი ექვთიმე გაანთავისუფლეს უნივერსიტეტიდან. დევნა–შევიწროებამ დიდად იმოქმედა ექვთიმე თაყაიშვილზე და 1953 წ. 21 თებერვალს გულის დამბლით გარდაიცვალა.
  • 1963 წ. 10 თებერვალს ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით ვაკის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს.
  • 1987 წ. 22 თებერვალს ლევილიდან თბილისში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილის ნეშტი.
  • 2000 წ. ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი მთაწმინდის მიწას მიაბარეს.
  • 2002 წ. წმინდა სინოდის სხდომამ ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხა და უწოდა "წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი", დაარსდა "წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის" მედალი.
  • 2008 წ. თბილისში გაიხსნა "წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის" სახელობის ტაძარი.