ალექსანდრე სერგეის ძე პუშკინი ( რუს. Алекса́ндр Серге́евич Пу́шкин; დ. 26 მაისი/6 ივნისი, 1799, მოსკოვი ― გ. 29 იანვარი/10 თებერვალი, 1837, პეტერბურგი) — რუსი მწერალი, ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი. ალექსანდრეს მამა, იმხანად გაღარიბებული აზნაური, სერგეი ლევის ძე ძველი სახელოვანი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო; დედა - ნადეჟდა ოსიპის ასული - პეტრე I-ის აღზრდილის, აბრამ ჰანიბალის შვილიშვილი. 1811 პუშკინი შევიდა ცარსკოე-სელოს ახლად გახსნილ ლიცეუმში. პუშკინის რევოლუციური-პატრიოტული მისწრაფებათა ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მისმა მეგობრობამ ჩაადაევთან, პ. კავერინთან და ჰუსართა პოლკის სხვა ოფიცრებთან, რომლებიც 1812 სამამულო ომის დამთავრების შემდეგ დაბანაკებული იყვნენ ცარსკოე-სელოში. პუშკინმა ლიცეუმშივე აირჩია ლიტერატურის გზა, იქ სწავლისას დაწერა 120-მდე რომანსი, ელეგია, ოდა, ბალადა, ეპიგრამა. იგი განიცდიდა დერჟავინის, ჟუკოვსკის, ბატიუშკოვის, რადიშჩევის გავლენას; კრიტიკულად ითვისებდა მათ პოეტურ მემკვიდრეობას და თანდათანობით იკვლევდა საკუთარ გზას მწერლობაში.