ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრია, რომელსაც 80-წლიანი ისტორია აქვს.
ქართული საზოგადოების მუდმივი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა აჭარაში საგანმანათლებლო სისტემის დაფუძნება და განვითარება. 1893 წელს ბათუმში ვაჟთა გიმნაზიის გახსნის საკითხი დაისვა. 1895 წლის 26-27 ივნისს ქალაქის თვითმმართველობამ ვაჟთა გიმნაზიის შენობისათვის ზღვის სანაპიროსთან გამოყო 2 623, 95 კვ. საჟენი მიწის ფართი. გიმნაზიის შენობის გეგმა შეადგინა სამხედრო ინჟინერმა სედელნიკოვმა. სასწავლებლის პირველ სართულზე განთავსებული იყო სპორტული დარბაზი, ხოლო მეორე სართულზე - ეკლესია, სააქტო დარბაზი, რვა საკლასო ოთახი, სამხატვრო კლასი, ფიზიკის კაბინეტი, ლაბორატორია და ბიბლიოთეკა. 1897 წლის ივლისში ვაჟთა გიმნაზიამ ფუნქციონირება დაიწყო. 1900 წლის 26 სექტემბერს შესაძლებელი გახდა ქალთა გიმნაზიის გახსნაც. მოგვიანებით, 1923 წლისათვის, ქალთა გიმნაზიის ყოფილ შენობაში (ამჟამად №2 საშუალო სკოლა) დაფუძნდა პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც შემდეგ პედაგოგიურ ტექნიკუმად გადაკეთდა. იგი პირველი საფეხურის სკოლის მასწავლებლებს ამზადებდა.