.

ავტორი (ები): ერიხ მარია რემარკი

ავტორის შესახებ

     ერიხ მარია რემარკი (გერმ. Erich Maria Remarque; 22 ივნისი, 1898, ოსნაბრიუკი - 25 სექტემბერი, 1970, ლოკარნო) ნამდვილი სახელი ერიხ პაულ რემარკი (Erich Paul Remark) — გერმანელი მწერალი და გერმანული კულტურის ერთ-ერთი საუკეთესო ლიტერატორი. მისმა ანტიფაშისტურმა რომანებმა დიდი გავლენა მოახდინა და დღესაც ახდენს მრავალ თაობასა თუ საზოგადოებაზე. მის რომანებში უმეტესად ასახულია ომის შემდგომი (როგორც პირველი, ასევე მეორე მსოფლიო ომი) გერმანიის ცხოვრება და საოცარი რეალიზმით არის გადმოცემული მაშინდელი მძიმე სოციალური მდგომარეობა. რემარკის საუკეთესო ნაწარმოებებად დღემდე ითვლება: „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“, „სამი მეგობარი“ და „ტრიუმფალური თაღი“.

ერიხ პაულ რემარკი პროვინციულ ქალაქ ოსნაბრიუკეში კათოლიკე მუშების ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში მისი ოჯახი ხშირად იცვლიდა ბინას. ორი და და ერთი ძმა ჰყავდა, თუმცა ძმა ადრევე გარდაეცვალა. 1904-1912 წლებში რემარკი სახალხო სკოლაში სწავლობდა, სკოლის გამთავრების შემდეგ კი – 3 წელი კათოლიკურ სამასწავლებლო სემინარიაში, სადაც სახალხო სკოლების მასწავლებლებს ამზადებდნენ. 1915 წელს ახალგაზრდულ წრეში „სიზმრების მანსარდა“ გაწევრიანდა. იმავე წელს დაამთავრა სამასწავლებლო სემინარიის მოსამზადებელი კურსი და სამეფო სამასწავლებლო სემინარიაში ჩაირიცხა. 1916 წლის 21 ნოემბერს რემარკი ჯარში გაიწვიეს. 1917 წლიდან კი უკვე ფრონტზე გადაიყვანეს. ომის დროს რამდენიმეჯერ დაიჭრა. ამავე წელს გარდაიცვალა მისი დედა ანა მარია რემარკი. 1918 წელს იგი რკინის ჯვრის ორდენით დააჯილდოვეს.