დავით გურამიშვილი (დ. 1705, საგურამო — გ. 1 აგვისტო [ძვ. სტ. 21 ივლისი], 1792, მირგოროდი, უკრაინა) — ქართველი პოეტი დავით გიორგის ძე გურამიშვილი დაიბადა 1705 წელს, საქართველოს ძველი სატახტო ქალაქის მცხეთის მახლობლად, საგურამოს ზემოთ, გორისუბანში, თავად გიორგი გურამიშვილის ოჯახში. პოეტის დედა, მზევინარი კახეთში ცნობილი თავადების, ვახვახიშვილთა ასული სათნო, ნაზი და ღვთისმოსავი ქალი ყოფილა. მე-18 საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, საგურამო განთქმულია „ნაყოფიერი ხილით, ვენახით, მარცვლით… პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა, ტყითა, ველითა და მთითა შემკობილი“ საგურამოს უფრო ამაღლებულ ადგილს, რომელსაც გორისუბანს ეძახიან, დღესაც ემჩნევა ძველი ციხე-დარბაზის ნანგრევები. გადმოცემით, ეს ადგილია გურამიშვილების სამყოფელი, რაზეც პირდაპირ მითითებას ჩვენ „დავითიანშიც“ ვპოულობთ: „მე ვიყავ ერთი თავადი მოსახლე გორისუბანსაო“.