ნელ ჰარპერ ლი (ინგლ. Nelle Harper Lee; დ. 28 აპრილი, 1926, მონროვილი, ალაბამა) — ამერიკელი მწერალი, ცნობილი მისი 1960 წლის პულიცერის პრიზით დაჯილდოებული რომანით „ნუ მოკლავ ჯაფარას“ ("To Kill a Mockingbird"). ჰარპერ ლი ფრენსის ფინჩისა და ამასა ლის ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. მამამისი ადვოკატი და გაზეთის რედაქტორი იყო მონროვილში და 1926-38 წლებში შტატის სენატორად მსახურობდა. წიგნებზე შეყვარებული ცელქი და მოუსვენარი ჰარპერი მის და-ძმებთან და მეგობრებთან ერთად მუდამ თავგადასავლების იმპროვიზაციით იყო დაკავებული. მონროვილის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჰარპერი ჰანტინგტონის ქალთა კოლეჯში აბარებს მონტგომერიში, სადაც მხოლოდ ერთი წელი სწავლობს ალაბამას უნივერსიტეტში გადასვლამდე 1945 წელს. აქ ის რამდენიმე სტუდენტურ პუბლიკაციას წერს და კამპუსის იუმორისტულ ჟურნალში Rammer-Jammer რედაქტორად მუშაობს. იურისტის ხარისხის მისაღებად საკმარისი საგნები არ ჩაუბარებია, თუმცა ერთი წლით ოქსფორდში, ინგლისი, მიემგზავრება სწავლის გასაგრძელებლად, სანამ 1950 წელს ნიუ-იორკში გადავიდოდა.