.

ავტორი (ები): იაკობ ცურტაველი

ვებგვერდი:
ავტორის შესახებ

     იაკობ ცურტაველი (ხუცესი) — V საუკუნის II ნახევრის ქართველი მწერალი, ჰაგიოგრაფი. ავტორია “შუშანიკის მარტვილობისა” (“წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“), ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული ორიგინალური ძეგლისა, რომელშიც სღწერილია, თუ როგორ უღალატა ქართლის პიტიახშმა ვარსქენმა ქვეყანას, დაგმო თავისი სარწმუნოება, სპარსელთა გულის მოსაგებად მიიღო მაზდეანობა და ქრისტიანობის ერთგულებისათვის აწამა მეუღლე. იაკობ ცურტაველის შესახებ ცნობები შემოინახა მისმავე ნაწარმოებმა, საიდანაც ჩანს, რომ ის ყოფილა ვარსქენ პიტიახშის კარის მღვდელი, შუშანიკთან დაახლოებული პირი, ქართლის პიტიახშის კარზე, დაბა ცურტავში, მომხდარი ტრაგედიის თანამედროვე და მონაწილე. თხზულება დაწერილია 476–483, შუშანიკის მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის მიერ ვარსქენის სიკვდილით დასჯამდე. ფიქრობენ, რომ უფრო გვიან იაკობ ცურტაველი გარდა ცურტავის ეპისკოპოსი და 506 დაესწრო საეკლესიო შეკრებას (ამ კრების მონაწილეთა შორის მოიხსენიება ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი). მისი ნაწარმოები მოღწეულია შეცვლილი სახით (უნდა აკლდეს დასაწყისი, ზოგი დეტალი გამოტოვებულია და ა.შ.). უძველესი ხელნაწერი X საუკუნისაა. “შუშანიკის მარტვილობით” იწყება ქართული ლიტერატურის ისტორია და მას განუზომელი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურისათვის.