გურამ დოჩანაშვილი (დ. 26 მარტი, 1939, თბილისი, საქართველო) — თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედი. გურამ დოჩანაშვილის მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა არის. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს. გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში. მომავალი მწერლის მამა — პეტრე დოჩანაშვილი იყო ექიმი, ხოლო დედა — გულნარა ემხვარი - დიასახლისი. გურამ დოჩანაშვილი იზრდებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ზემელზე, სოლოლაკში და ვერაზე. მწერლის ბებია — მერი(ფაცა) კორძაია, ბაბუა — სილოვან ემხვარი (აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) და ბებია — ოლღა გუსევა (მამის მხრიდან) არ აკლებდნენ მზრუნველობასა და სიყვარულს. უნივერსიტეტში სწავლისას გურამ დოჩანაშვილმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც იქორწინა 1964 წელს.