.

ავტორი (ები): დიმიტრი ყიფიანი

ავტორის შესახებ

დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი (დ. 14 აპრილი/26 აპრილი, 1814, სოფ. მერეთი, გორის მაზრა — გ. 24 ოქტომბერი/5 ნოემბერი, 1887, სტავროპოლი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური. 2007 წელს საქართველოს საპატრიარქომ დიმიტრი ყიფიანი წმინდანად შერაცხა. 1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლოგდაში გადაასახლეს. აქ გუბერნატორის კანცელარიაში განაწესეს (1835), 1837 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამ დროიდან 1864-მდე იყო მთავარმართლებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1862 წლამდე მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, 1859-1867 წლებში სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვე. 1864-1870 თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი. მონაწილეობდა საგლეხო რეფორმის პროექტის შედგენაში; სათავეში ედგა ქართველი თავადაზნაურობის ლიბერალურ ფრთას. 1876-1879 იყო თბილისის ქალაქისთავი. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დასწყევლა. ყიფიანმა მას საპროტესტო წერილი გაუგზავნა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც ღამით მძინარე მოკლეს. ქართულ საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის პოლიციის აგენტებმა ჩაიდინეს. აკაკი წერეთელი წერდა, „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს... იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“.