დიმიტრი იოსების ძე გულია (აფხ. Дырмит Иасыф-иҧа Гәлиа; დ. 21 თებერვალი [ძვ. სტ. 9 თებერვალი], 1874, უარჩა, ახლანდელი გულრიფშის მუნიციპალიტეტი – გ. 7 აპრილი, 1960, აგუძერა, გულრიფშის მუნიციპალიტეტი), აფხაზი მწერალი. აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი, აფხაზეთის სახალხო პოეტი (1937). სსრკ IV-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში. ერთხანს მასწავლებლობდა. 1924-1926 წლებში აფხაზურ ენას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გულიამ დიდი ღვაწლი დასდო აფხაზურ კულტურას. მისი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამწერლო მოღვაწეობა ფართო და მრავალმხრივი იყო. 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი, მის ლექსთა პირველ კრებულებში (1912-1913) წარმოსახულია აფხაზი ხალხის სწრაფვა თავისუფალი ცხოვრებისაკენ, სიძულვილი მჩაგვრელებისადმი, პოეტის ოცნება უკეთეს მერმისზე. 1919-1920 წლებში გულია პირველი აფხაზური გაზეთის "აფსნის" რედაქტორი იყო. 1921 წელს ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი.
1925 წელს გამოსცა „აფხაზეთის ისტორია“, რუსულ ენაზე. გვერდი ავლილია ქართული და უცხოური ისტორიული რეალობისთვის, წიგნი შექმნილია არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სჭარბობს აფსუურ-ადიღეური კადრების საბჭოთა ხელისუფლებაში მოსვლით შეგულიანებული კაცის შეხედულებები და ჰიპოთეზები. აყალბებს არსებულ რეალობას, აფხაზეთის ისტორიას მიჯნავს ქართულისაგან. XX საუკუნის 20-იანი წლები შესანიშნავი პერიოდი იყო მზაკვრული გეგმების განსახორციელებლად. აფხაზეთი იმ პერიოდში არ იყო შესწავლილი არც არქეოლოგიურად, არც ეთნოგრაფიულად, არ არსებობდა ლინგვისტური და ფოლკლორული მასალა. გულია აფხაზეთის ისტორიას ძველ აღმოსავლეთს უკავშირებს.
1951 წელს, მას შემდეგ რაც იოსებ სტალინის მიერ კრიტიკული შეფასებები გაკეთდა 1920-იანი წლების სხვადასხვა ეთნიკური კვლევების მისამართით, დიმიტრი გულიამ გამოსცა ბროშურა სათაურით „ჩემი წიგნის – „აფხაზეთის ისტორიის“ – თაობაზე“, რომელშიც განმარტავს, რომ 1925 წელს მან რიგი ისტორიული ფაქტები „ვერ გაითვალისწინა“, რის გამოც წიგნი არასრული გამოვიდა და მან სხვა მკვლევარებიც შეცდომაში შეიყვანა. ამავე წიგნში გულია ხაზს უსვამს აფხაზების და ქართველების ეთნიკურ ერთობას და ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, აფხაზების როლს არ განარჩევს საქართველოს სხვა კუთხეების წარმომადგენლებისგან. მაშინაც და დღესაც მეცნიერთა ნაწილს ეჭვი შეაქვს, რომ გულია გულწრფელი იყო ამ წიგნის წერისას და მიიჩნევენ, რომ ის მაშინდელი საბჭოთა კავშირის ქართველი მმართველების, სტალინის და ბერიას შიშით და გავლენით იყო დაწერილი, თუმცა ოფიციალირად გულიას თავისი მოსაზრება მათი სიკვდილის და ხრუშჩოვის ეპოქის დამყარების შემდეგაც არ შეუცვლია.[1]
დიმიტრი გულია გარდაიცვალა 1960 წლის 7 აპრილს აგუძერაში, გულრიფშის რაიონში. დასაფლავებულია სოხუმში, მისი სახლ-მუზეუმის ეზოში.