თენგიზ ანთელავა დაიბადა 1935 წელს ქ. სოხუმში. 1956 წელს წარჩინებით დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. 1957-1975 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე; 1976-1979 წლებში იყო სოხუმის #1 სკოლა-ინტერნატის დირექტორი. პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. 1979 წლიდან უკვე აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებს მუშაობას. იყო ისტორიის კათედრის მასწავლებელი, დოცენტი, ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 1989 წლიდან კი 17 წლის მანძილზე სათავეში ედგა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტს; ამავე დროს იყო მსოფლიო ისტორიის კათედრის გამგე.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ანთელავა იყო ჩრდილოეთ კავკასიის X|X-XX საუკუნეების ისტორიის აღიარებული მკვლევარი, რომლის მონოგრაფიებსა და სტატიებში მკაფიოდაა ნაჩვენები რუსეთის იმპერიული პოლიტიკა რეგიონის მიმართ.
თენგიზ ანთელავა ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას, იყო აფხაზეთის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე. დაჯილდოებულია ღირსების მედლით.